არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” შუალედური ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნანუკა ჟორჟოლიანის ჟურნალისტური საქმიანობის უწყვეტობა უსამართლო გარემოს ქმნის სხვა კანდიდატებისთვის. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო მონიტორინგის IV შუალედური ანგარიშში ისაუბრა.
“23 სექტემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. იგი არჩევნებში მონაწილეობას „ძალა ერთობაშიას“ სახელით მიიღებს. ამავე დროს ის აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას. კანდიდატის საქმიანობიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატისთვის. ასევე, არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკიც”, – წერია ანგარიშში.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი არ კრძალავს ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და კანონით წინასაარჩევნო პერიოდში არც საავტორო გადაცემის არსებობა არის არის შეზღუდული, ეს მაინც არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა კანდიდატებს:
“პირდაპირ კანონმდებლობით არ არსებობს აკრძალვა, რომ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ჩაერთოს. თუმცა არსებობს რეგულაციები, მაგალითად, პოლიტიკური რეკლამის შესახებ რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, კანდიდატები თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილები. ამიტომ განსაზღვრულია დროები, ვის რამდენი წუთი ეთმობა და ა.შ., რომ დისკრიმინაციული და არათანაბარი მიდგომა გამოირიცხოს.
ამ შემთხვევაში, როდესაც ტელეწამყვანი მონაწილეობს კამპანიაში, რომელსაც ასე შეუზღუდავი დრო აქვს თავისი საავტორო გადაცემიდან გამომდინარე, რომლის გამოყენებაც შეუძლია საკუთარი თავის პოპულარიზაციისთვის, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა კანდიდატებს. მათ ასეთ რესურსზე ხელი არ მიუწვდებათ”, – განმარტა ნიჟარაძემ.
მისი თქმით, “სამართლიანი არჩევნები” მხოლოდ რეკომენდაციით მიმართავს ჟორჟოლიანს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავოს საავტორო გადაცემაში აქტიური ჩართულობისგან.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა და პარალელურად საავტორო გადაცემის წამყვანობა უკანონო შემოწირულობის მიღების რისკსაც ქმნის.
როგორც ნიჟარაძემ “ნეტგაზეთთან” განმარტა, ამ ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაცია ტელეკომპანიის მხრიდან გამოყოფილ უფასო საეთერო დროს გულისხმობს.
აღნიშნულ საკითხთებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ნანუკა ჟორჟოლიანასც დაუკავშირდა. მისი განმარტებით, მანამ, სანამ ის მიიღებდა გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო პერიოდში გადაცემის გაგრძელების შესახებ, იურისტებთან დააზუსტა, რას კრძალავდა კანონი ამ მიმართულებით.
“გადაწყვეტილების მიღებამდე დავრწმუნდით, რომ კანონი არ კრძალავს მაჟორიტარობის კანდიდატისთვის საკუთარი გადაცემის ქონას, ეს არის მხოლოდ რეკომენდაცია ქცევის კოდექსში. თუ მე ეს მეკრძალება კანონით, ბუნებრივია კანონს დავემორჩილები”, – განმარტა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მის გადაცემაში აღარ გაშუქდება სოციალური საკითხები ან თემები, რომლებიც “პირდაპირ ან ირიბად ბმაში არის არჩევნებთან” . ეს შეეხება არა მხოლოდ იმ ოლქებს, სადაც იყრის კენჭს, არამედ მთლიანად საქართველოს.
რაც შეეხება იმ ოლქებს, სადაც ჟორჟოლიანი იყრის კენჭს, ტელეწამყვანის თქმით, ამ ოლქებიდან მას რესპონდენტები საერთოდ არ ეყოლება.
ამასთან, ჟორჟოლიანის განმარტებით, მისი გადაცემის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, ქველმოქმედება წინასაარჩევნო პერიოდში შეჩერდება.
რაც შეეხება ტელეკომპანიის მხრიდან გამოყოფილ უფასო საეთერო დროს, ჟორჟოლიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას თქვა, რომ დეტალების დასაზუსტებლად კონსულტაცია იურისტებთან უნდა გაიაროს და განცხადებას ამის შესახებ მოგვიანებით გააკეთებს.