ახალი ამბები

სკოლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

29 სექტემბერი, 2020 • 991
სკოლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

კერძოდ, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

სამინისტრო აცხადებს, რომ დისტანციურ სწავლების გამოცდილება საქართველოს საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან აქვთ – 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ Microsoft office 365-ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS-ს, OneNote-ს და სხვა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლებმა საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის
პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახები შექმნეს და პედაგოგებს ეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში. დისტანციური სწავლების მიმართულებით განათლების სამინისტრო ერთ-ერთი მთავარ რესურსად განიხილავს „ტელესკოლასაც“, რომელიც ახალ სასწავლო წელს ახალი სეზონით განახლდა.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი