ახალი ამბები

გლდანის სკვერში აქტივისტებმა “ოცნების” დროშების საქართველოს დროშით ჩანაცვლება სცადეს

29 სექტემბერი, 2020 • 1005
გლდანის სკვერში აქტივისტებმა “ოცნების” დროშების საქართველოს დროშით ჩანაცვლება სცადეს

გლდანში მდებარე სკვერში, სადაც “ქართული ოცნების” დროშებია გამოფენილი, აქტივისტებმა საქართველოს დროშების დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ადგილზე იმყოფებოდნენ “სირცხვილიას”, “შეცვალეს” და “გხედავის” აქტივისტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე პარტიული დროშების განთავსებას აპროტესტებენ.

“სირცხვილიას” წევრის, გიგა მაქარაშვილის თქმით, ამჟამად მუნიციპალიტეტის კუთვნილ სკვერში 18 დროშაა გამოკიდული, რომელთაცან 14 არის “ქართული ოცნების” პარტიული დროშა, 4 კი – საქართველოსი. მისი თქმით, აქტივისტებმა ერთი კვირის წინ შეძლეს “ქართული ოცნების” დროშების ჩანაცვლება საქართველოს დროშებით და დღესაც ამის გაკეთებას გეგმადნენ, თუმცა ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები გამოჩნდნენ და ამის საშუალება არ მისცეს.

მაქარაშვილის თქმით, პარალელურად, პოლიციის კორდონის მეორე მხარეს “ქართული ოცნების” აქტივისტები მობილიზდნენ:

“18 დროშაა სულ გამოკიდედული, აქედან 14- “ქართული ოცნების” და 4 -საქართველოს.  ერთი კვირის წინ აქტივისტებმა “ქართული ოცნების” დროშები ჩამოხსნეს და საქართველოს დროშები დაჰკიდეს. ახლაც საქართველოს დროშების ჩამოკიდება უნდოდათ. მოვიდა დაახლოებით 150 პოლიციელი და იცავენ “ქართული ოცნების დროშებს”. პარალელურად, მოყარეს პარტაქტივი სხვადასხვა უბნიდან. მინიმუმ 100 ადამიანია მეორე მხარეს”, – ამბობს მაქარაშვილი.

მისი თქმით, ამჟამად აქტივისტები ტერიტორიაზე რჩებიან და ითხოვენ სკვერში “ქართული ოცნების” დროშების ჩამოხსნას.

აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ არაფერი იცის, რაც შეეხება პარკში “ქართული ოცნების” დროშების განთავსებას, მდინარაძე საკითხს არასერიოზულს უწოდებს:

“პარკში რომელი დროშა დაიკიდება, ყველა დეტალზე მე პასუხი როგორ გაგცეთ? პარკში რომელიმე ჩვენმა აქტივისტმა დროშა თუ გაშალა და ეს პროვოკაციის საფუძვლად გამოიყენეს, შემდეგ ამაზე დამისვამთ კითხვას , არასერიოზულ დისკუსიაში შევალთ. პარკში თუ არის პარტიული შეხვედრა, ბუნებრივია, პარტიული დროშები იქნება აღმართული. არც ვიცი ეს დეტალი”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი