ახალი ამბები

“ბასიანთან” 3 პირის დაჭრაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა

28 სექტემბერი, 2020 • 885
“ბასიანთან” 3 პირის დაჭრაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, კლუბ “ბასიანთან”, 3 პირის დაჭრაში ბრალდებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საუბარია 12 იანვარს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით სამი პირი დაჭრა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

“საქმის მასალების თანახმად,  2020 წლის 12 იანვარს, ღამის საათებში, ცეცხლსასროლი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებული არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესს და შეიჭრა ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე, ხმამაღლა, გინებით ითხოვდა კარის გახსნას, რის გამოც სანადირო თოფიდან მოახდინა დაახლოებით 15-მდე გასროლა. შედეგად, ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო მომუშავე პერსონალმა”, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლოს ცნობითვე, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბ.ჩ-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

პროკურატურამ 21 იანვარს დაკავებულ პირს ბრალი გადაუკვალიფიცირა. გამოძიება დაკავებულს ედავება განზრახ მკვლელობის მცდელობას, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი