ახალი ამბები

შვეიცარიაში EU-სთან თავისუფალი მიმოსვლის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს

28 სექტემბერი, 2020 • 2178
შვეიცარიაში EU-სთან თავისუფალი მიმოსვლის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს

შვეიცარიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოქალაქეებმა უარი თქვეს ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის შეწყვეტაზე, იტყობინება „ბი ბი სი“. რეფერენდუმზე მისულთა 62%-მა მიმოსვლის შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

რა ხდება?

შვეიცარია არაა ევროკავშირის წევრი, თუმცა ბრიუსელთან შეთანხმება აქვს გაფორმებული ცალკეულ ასპექტებზე — მაგალითად, ეკონომიკურ თუ სხვა სახის ურთიერთობებზე.

შვეიცარიის „პირდაპირი დემოკრატიის“ სისტემის ფარგლებში მოქალაქეები ხმის მიცემით წყვეტენ, როგორი უნდა იყოს ქვეყნის თუ ცალკეული რეგიონის [კანტონის] პოლიტიკა.

ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის შეწვყეტის ინიციატივა მემარჯვენე ოპოზიციურ „შვეიცარიელი ხალხის პარტიას“ ეკუთვნის, მოქმედი მთავრობა მისი წინააღმდეგი იყო.

მხარეების არგუმენტები და ინიციატივის შედეგები

ინიციატივის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მისი წყალობით შვეიცარია საკუთარი საზღვრების კონტროლსა და მხოლოდ „სასურველი“ იმიგრანტების შერჩევას შეძლებს.

ოპონენტები, თავის მხრივ, ამბობენ, რომ გეგმის გამო შვეიცარიის ეკონომიკა რეცესიაში გადავარდება  ისედაც რთულ პერიოდში და ათასობით მოქალაქეს ევროპაში თავისუფალი გადაადგილებისა და მუშაობის შესაძლებლობას წაართმევს.

ინიციატივის მიღების შემთხვევაში, „ბი ბი სის” ცნობით, შვეიცარიის მთავრობას მოუწევდა შეეჩერებინა ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის შეთანხმება, ეს კი გავლენას მოახდენდა ორმხრივ ურთიერთობებზე სატრანსპორტო და სავაჭრო საკითხებში და დააზიანებდა ეკონომიკურ აქტივობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი