ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის თქმით, ყარაბაღში 7 სოფელზე კონტროლი დაამყარა, სომხეთი უარყოფს

27 სექტემბერი, 2020 • 1202
აზერბაიჯანის თქმით, ყარაბაღში 7 სოფელზე კონტროლი დაამყარა, სომხეთი უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, ზაქირ ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრობმა ყარაბაღში 7 დასახლებულ პუნტქზე კონტროლი დაამყარეს. ამ ინფორმაციას თავის მხრივ, სომხეთის მხარე სიცრუეს უწოდებს.

ამ თემაზე დღეს ზაქირ ჰასანოვმა სპეციალური ბრიფინგი, ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართა. მან თქვა, რომ აზერბაიჯანის სამხედროებმა სოფლები “კონტრშეტევის შედეგად ოკუპაციისგან გაათავისუფლეს”

მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის სამხედროებმა კონტროლი 6 დასახლებაზე დაამყარეს. ამავე ბრიფინგზე ჰასანოვმა თქვა, რომ სამხედრო ოპერაციისას აზებაიჯანმა სომხური დაცვის ხაზი გაარღვია.

ბრიფინგის პარალელურად, აზერბაიჯანულმა მხარემ ვიდეო გაავრცელა.

ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს სომხური მხარე. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი ფეისბუკზე წერს, რომ აზერბაიჯანის მიერ სოფლებზე კონტროლის აღების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ეს “აზებაიჯანული პროპაგანდის პროვოკაციაა”.

#ՊԲ Ադրբեջանի պաշտպանության նախարարության տարածած հաղորդագրությունը, թե իբր ադրբեջանական բանակը գրավել է 6 բնակավայր,…

Posted by Shushan Stepanyan on Sunday, 27 September 2020


დღეს დილით სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ყარაბაღში, არწახის მიმართულებით აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს. თავის მხრივ, ოფიციალური ბაქო კი აცხადებდა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა “ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს”.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არის მსხვერპლი და დაზიანებულია შენობების ნაწილი.

მალევე მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ცოტა ხნის წინ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა სომხეთშიც.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, მათ შორის, აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა შეტაკებების დაწყებაში. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ივლისის შეტაკებები საზღვარზე ბაქოს ინტერესებში ნაკლებად შედიოდა, ვინაიდან ბაქოსთვის მომგებიანი არ არის კონფლიქტის ზონის გადატანა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამჯერად დაპირისპირება უშუალოდ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაშია

მასალების გადაბეჭდვის წესი