ახალი ამბები

ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია – გახარია

27 სექტემბერი, 2020 •
ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია. თუმცა, ამ სიტუაციის გამოსასწორებლად საქართველოს მთავრობას რესურსი აქვს.

“ყველას კარგად გვესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორი.

რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, იმიტომ, რომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკული მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად, რომ გლობალური კრიზისია, საქართველო მაკროენოკომიკულად, ასე თუ ისე, ნორმალურ პარამეტრებში ვართ,” – თქვა დღეს ჟურნალისტებთან გახარიამ.

მისივე განმარტებით, ლარის კურსი დამოკიდებულია ასევე ემოციებსა და მოლოდინებზე.

“გასაგებია, რომ გლობალური პანდემია გვაქვს, გასაგებია, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნებია, შესაბამისად, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს.

მინდა ხაზი გავუსვა – არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც პირველი ტალღა იყო ინფიცირების, მაშინაც ლარის კურსის მკვეთი გაუფასურება იყო, მაგრამ დაუბრუნდა ნიშნულს.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე,” – აცხადებს პრემიერ მინისტრი.

25 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი დოლარი 3.332 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო – 3.8812 ლარი. შაბათ-კვირას საქართველოს ეროვნული ბანკი მონაცემებს არ აახლებს, ახალი კურსი კი ხვალ, 28 სექტემბერს გახდება ცნობილი.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

ლარის დაკარგული წონასწორობა – რა გველოდება ზამთარში

მასალების გადაბეჭდვის წესი