ახალი ამბები

შეტაკებები და დაკავებები – მცირემასშტაბიანი, იშვიათი პროტესტი ეგვიპტეში

26 სექტემბერი, 2020 •
შეტაკებები და დაკავებები – მცირემასშტაბიანი, იშვიათი პროტესტი ეგვიპტეში

ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ეგვიპტეში, პოლიციასთან დაპირისპირების, დაკავებების და საპოლიციო ძალების ფართო მობილიზაციისა ფონზე მიმდინარეობს. მცირემასშტაბიანი, თუმცა იშვიათი დემონსტრაციები ქვეყნის რიგ სოფლებსა და რამდენიმე ქალაქში, დაახლოებით ერთი კვირაა გრძელდება.

პროტესტისკენ მოწოდება ესპანეთში მცხოვრებმა ეგვიპტელმა ბიზნესმენმა გაახმიანა, რომელიც უკვე ერთი წელია ეგვიპტის პრეზიდენტსა და მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს იმ ფონზე, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მედიის ცნობით, მოკლულია ერთი დემონსტრანტი.

“სისი უნდა წავიდეს” – მცირემასშტაბიანი, თუმცა იშვიათი პროტესტი

ეგვიპტის ამჟამინდელი რეალობისთვის მეტად იშვიათი პროტესტი 20 სექტემბერს დაიწყო, 2019 წლის რამდენიმედღიანი პროტესტიდან 1 წლის თავზე: მისი მონაწილეები, ახლანდელის მსგავსად, მაშინაც პრეზიდენტ აბდალ ფათთაჰ ალ-სისის გადადგომას ითხოვდნენ.

გასული წლის პროტესტი გამოიწვია ამჟამად ესპანეთში მცხოვრები ეგვიპტელი ბიზნესმენისა და ეგვიპტის არმიის ყოფილი კონტრაქტორის, მუჰამად ალის ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომიმართვებმა – ის სისის მთავრობას, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მდიდრული რეზიდენციებისა და სასტუმრობის მშენებლობაში ადანაშაულებდა. “ამნესთი ინთერნეიშენალის” თანახმად, შარშანდელი პროტესტისას 4 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა ნაწილი დღემდე ციხეშია.

გასული დღეებისგან განსხვავებით, შედარებით მასშტაბური პროტესტი ეგვიპტემ 25 სექტემბერს იხილა. ქუჩაში გამოსვლისკენ მოწოდებები “ტვიტერსა” და სხვა პლატფორმებზე ვრცელდებოდა, ჰაშთაგით – “რისხვის პარასკევი”. მოქალაქეთა ჯგუფებმა, ლოზუნგებით – “ძირს სამხედრო მმართველობა” და “სისი უნდა წავიდეს” საპროტესტო აქციები და მსვლელობები მოაწყეს რამდენიმე საგუბერნატოროს სოფლებსა და ქალაქების გარეუბნებში.

სხვადასხვა ცნობით, აქციებია კაიროში, გიზაში, დუმიატში, ლუქსორსა და სხვა საგუბერნატოროებში.

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოების თანახმად, არაერთ შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს პროტესტის გაგრძელებაში ხელი სპეცრაზმმა შეუშალა, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით. ზოგიერთ სოფელში, გასული დღეების მსგავსად, დემონსტრანტებმა საბურავებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს, ასევე ქვები დაუშინეს პოლიციას.

ვიდეოების ნამდვილობის დადასტურება, ქვეყანაში არსებული რთული მედიაგარემოდან გამომდინარე, პრობლემურია.

ფართომასშტაბიანი დაკავებები და “ტყვიით მოკლული დემონსტრანტი”

საპოლიციო და თავდაცვის ძალების ფართო მობილიზების ფონზე, მცირემასშტაბიანი აქციები, ძირითადად, სოფლებსა და ქალაქების პერიფერიებში, დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. უსაფრთხოების უწყებიდან Associated Press-ს წყაროებმა უთხრეს, რომ 25 სექტემბერს კაიროში 10 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ჩქაროსნული მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები ასევე დააკავეს ქალაქ ლუქსორში, სადაც, სახელისუფლებო წყაროთა მტკიცებით, მოლოტოვის კოქტეილებით არეულობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია გიზის საგუბერანტოროში, პოლიციის მიერ აქციის დაშლისას მოკლული ახალგაზრდა კაცის შესახებ. სააგენტო France Press-ს ადგილობრივ საავადმყოფოში უთხრეს, რომ სემი ბაშირი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და მას ცეცხლსასროლი ჭრილობები თავსა და სახეში ჰქონდა მიყენებული. გამოცემას მისმა ოჯახმა უთხრა, რომ ბაშირი პოლიციის მიერ აქციის დაშლისას დაიღუპა. საპასუხოდ, წყარო უსაფრთხოების უწყებიდან გამორიცხავს სპეცრაზმის მიერ აქციაზე ტყვიების გამოყენებას.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 20 სექტემბრიდან დღემდე, უფლებადამცველები 400-ზე მეტი დაკავებულის შესახებ საუბრობენ. ერთ-ერთმა მათგანმა გამოცემა Al-Monitor-ს ანონიმურად განუცხადა, რომ ადამიანების ნაწილი პოლიციამ სახლებიდან აიყვანა მას შემდეგ, რაც ისინი აქციებს დაესწრნენ. მათ და სხვა დაკავებულებს ბრალად ედებათ აკრძალული/ტერორისტული დაჯგუფების წევრობა, ყალბი ახალი ამბების გავრცელება და ეგვიპტის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა. სისხლის სამართლის ამ მუხლებით ქვეყანაში ხშირად აკავებენ აქტივისტებს, პრეზიდენტისა და მთავრობის კრიტიკოსებს.

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია 14 არასრულწლოვნის დაკავების შესახებაც იუწყება.


აბდალ ფათთაჰ ალ-სისი ეგვიპტეს 2014 წლიდან მართავს. ის ყოფილი გენერალია, რომლის მეთაურობითაც ეგვიპტის არმიამ 2013 წელს, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, ისლამისტური “მუსლიმთა საძმოს” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი მუჰამად მურსი ხელისუფლებას ჩამოაშორა. მურსი 2018 წელს, ეგვიპტის ციხეში დაიღუპა.

ხელისუფლებაში სისის მოსვლიდან მალევე, სახელმწიფომ კანონით აკრძალა არასანქცირებული აქციების ჩატარება. მიმდინარე წლებში დააკავეს და დააპატიმრეს ათასობით ადამიანი, მათ შორის, არაერთი ცნობილი აქტივისტი და  ჟურნალისტი. კრიტიკოსთა ნაწილმა ქვეყანა რისკების თავიდან ასაცილებლად დატოვა. თავად პრეზიდენტმა ტელეკომპანია CBS-სთვის 2019 წელს მიცემულ ინტერვიუში ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა უარყო.

ამჟამინდელ პროტესტს, ზემოაღნიშნულ მიმართვებთან ერთად, წინ უძღოდა მთავრობის გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლების ნაწილის დანგრევის შესახებ, რომელთაც ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს. BBC-ს არაბული გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილებით კანონდამრღვევად მიიჩნევა მილიონობით მოქალაქე, რომლებიც, ძირითადად, სოფლად ცხოვრობენ.

პროტესტის ფონზე, ეგვიპტის სახელმწიფო მედია კვლავ საუბრობს ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნებისა და ეგვიპტეში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული “მუსლიმთა საძმოს” ჩარევის მცდელობებზე. გუშინ, აქციების პარალელურად, სახელმწიფო მედიაში ცარიელი ქუჩების კადრები გავრცელდა იმის ხაზგასასმელად, რომ ცნობები დემონსტრაციების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ოპონენტებთან ერთად, ონლაინ კამპანია წამოიწყეს პრეზიდენტის მხარდამჭერებმაც, ჰაშთაგით “შენ მარტო არ ხარ”.

გარეკანზე: ფოტო არქივიდან/AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი