ახალი ამბები

“ვიმსჯელებთ” — დააყენებს თუ არა ენმ დიდუბეში კანდიდატს

25 სექტემბერი, 2020 • 1293
“ვიმსჯელებთ” — დააყენებს თუ არა ენმ დიდუბეში კანდიდატს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, დიდუბის ოლქთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციის  ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეა, პარტიაში იმსჯელებენ. ამის შესახებ მან ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა.

სამადაშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძე საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიით “ფაქტიურად აკეთებს საკუთარ ფეხში გასროლას”, რითაც საერთო ოპოზიციურ ინტერესს აზიანებს.

ამის შემდეგ სამადაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: “თუ ფიქრობთ, ის [ზურაბ ჯაფარიძე] დაჭრილია ფეხში და ვერ მოიკრებს ამომრჩევლის დიდ ნაწილს, თუ ვოლკის დამარცხება გინდათ ამ კონკრეტულ ოლქში, მაშინ რა გადაწყვეტილებას მიიიღებს პარტია?”

სამადაშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე პარტიაში იმსჯელებენ, რადგან ენმ-ს არც შეცდომების დაშვების უფლება აქვს და არც იმის, რომ დაშვებულ შეცდომებს არ გადახედონ.

“ვიმსჯელებთ ჩვენ ამაზე. ამიტომ, ძალიან დიდი განსხვავება არის ჩვენსა და ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს შორის. ის, რომ ჩვენ დღეს მთავარი რიგის ამოცანად ივანიშვილის დამარცხება მიგვაჩნია, გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია და ჩვენ ვართ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს საკუთარი მისია შესასრულებელი. ეს მისია არის ამ არჩევნებზე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს არც იმის ფუფუნება, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ და, ბატონი ჯაფარიძისგან განსხვავებით, არც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ თუ რამე შეცდომა მოგვივიდა, ამ შეცდომას არ გადავხედოთ და, შესაბამისად, არ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება”, — განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც ცნობილია, 23 სექტემბერს ტვ “პირველის:” ეთერში “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სტუდიაში მყოფ სამადაშვილს უთხრა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “მათი [ენმ-ს მხარდამჭრების] ხმები”.

დღეს, 25 სექტემბერს, სამადაშვილმა განაცხადა, რომ თუ ჯაფარიძეს ენმ-ის მხარდამჭერთა აზრი არ აინტერესებს, საჯაროდ განმარტოს საკუთარი პოზიცია და  თუ თვლის, რომ მისი განცხადება არასწორი იყო, შეუძლია ბოდიში მოიხადოს.

დღევანდელ ეთერში სალომე სამადაშვილს ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, “რჩება შთაბეჭდილება, ვინაიდან ეს ეთერი რამდენიმე დღის წინ იყო, თქვენი  რეაქცია ოდნავ დაგვიანებულია. ხომ არ მოძებნეთ ამ ეთერით თქვენ საბაბი იმისთვის, რომ დიდუბეში თავისი კანდიდატი ჰყავდეს ენმ-ს”?

“არა, ჩვენი რეაქცია შედგა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ უარყოფითი რეაქცია ჩვენს მხარდამჭერებში, რომლებიც საჯაროდ ერიდებიან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ჩვენ, ენმ-ის ლიდერებს, საკმაოდ მძიმე შეფასებების მოსმენა ჩვენი მხარდამჭერებისგან”, — უპასუხა სამადაშვილმა.

სამადაშვილი VS ჯაფარიძე – “ენმ-ს ამომრჩევლის შეურაცხყოფას ვერ მოვითმენთ”

მასალების გადაბეჭდვის წესი