ახალი ამბები

პარიზში, “შარლი ებდოს” ყოფილ ოფისთან, თავდასხმა მოხდა: არიან დაჭრილები

25 სექტემბერი, 2020 • 752
პარიზში, “შარლი ებდოს” ყოფილ ოფისთან, თავდასხმა მოხდა: არიან დაჭრილები
საფრანგეთის დედაქალაქში, სატირული გაზეთის, “შარლი ებდოს” ყოფილი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 25 სექტემბერს მოხდა. პოლიცია ინციდენტს შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს.

მედიაში, თავდაპირველად, 4 დაჭრილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა, პოლიციის თანახმად, საუბარია, სულ მცირე, ორ ადამიანზე.  სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის ცნობით, ჟურნალის ყოფილ ოფისთან პოლიციამ საეჭვო პაკეტიც შენიშნა.

პოლიციის თანახმად, თავდასხმაში 2 პირი მონაწილეობდა. ორივე მათგანმა შეძლო გაქცევა, თუმცა სამართალდამცავებმა ისინი მცირე ხნის შემდეგ დააკავეს. შემთხვევის ადგილზე იპოვეს დანაშაულის იარაღიც: მაჩეტეს მსგავსი, დიდი ზომის დანა.

ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი და დაუზუსტებელია,უკავშირდება თუ არა ის სატირული ჟურნალის საქმიანობას.

2015 წლის იანვარში ფრანგული სატირული ჟურნალის ოფისი ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც “შარლი ებდომ” მოციქული მუჰამადის კარიკატურები დაბეჭდა. ტერორისტულ აქტს 12 ადამიანი შეეწირა.

ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს თავდასხმაში ეჭვმიტანილთა პროცესები. ამასთან, ჟურნალმა წელს კვლავ დაბეჭდა ზემოხსენებული კარიკატურები, რის შემდეგაც “შარლი ებდოს” მიმართ მუქარებმა იმატა. ამის გამო ჟურნალის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს საკუთარი სახლის დატოვებაც მოუხდა.

გარეკანზე: ფოტო არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი