ნეტგაზეთი | სუს-ის ყოფილი თანამშრომელი რამიშვილის ინფორმაციას უარყოფს – ადვოკატი სუს-ის ყოფილი თანამშრომელი რამიშვილის ინფორმაციას უარყოფს – ადვოკატი – Netgazeti
RU | GE  

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი რამიშვილის ინფორმაციას უარყოფს – ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ დასახელებული სუს-ის ყოფილი თანამშრომელი უარყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს მეხსიერების ბარათებს აწვდიდა. ამის შესახებ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატმა, დავით ხარატმა “მთავარ არხთან” გააკეთა კომენტარი.

საქმე ეხება მიხეილ რამიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი მას დაუკავშირდა და თამარ ბაჩალიაშვილთან შეხვედრებისა და მისთვის გარკვეული ინფორმაციის შემცველი მეხსიერების ბარათების გადაცემის თაობაზე ესაუბრა. რამიშვილის თქმით, მან სუს-ის ყოფილ თანამშრომელს აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად გამოკითხვის ოქმზეც მოაწერინა ხელი, რომელიც შემდეგ გამოძიებას წარუდგინა.

ხარატმა “მთავარი არხის” ეთერში განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მან რამიშვილს ბაჩალიაშვილისთვის მეხსიერების ბარათის გადაცემაზე მიაწოდა ცნობები:

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ეს [რამიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია] აბსოლუტურად უარყო. მე სულ სხვა რამეზე ველაპარაკეო, მერე ისე მოხდა, რომ ოქმი შემომაწოდესო, უცბად მოვუწერე ხელი და წაიღესო. იმ ოქმში კონკრეტულად რას იწერდა [რამიშვილი], ნამდვილად არც წამიკითხავს და არც ვიციო. არც “ფლეშკა” და არც რაღაც მასეთები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბაჩალიაშვილისთვის არასდროს არ მიუცია”, – უთხრა “მთავარ არხს” ხარატმა.

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაშია. რამიშვილის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ის სწორედ იქ დაიბარა, საუბარიც საპატიმროში შედგა და გამოკითხვის ოქმზეც ხელი იქვე მოაწერინა. თუმცა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ შეხვედრისას მათ შორის დაიდო პირობა, რომლის მიხედვითაც, სანამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის შესახებ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მას არ უნდა გაესაჯაროებინა აღნიშნული ოქმი და მასში დაწერილი ინფორმაცია.

სუს-ის ყოფილი თანამშრომლის სასამართლო პროცესი კი 15 სექტემბერს იყო დანიშნული. რამიშვილის განმარტებით, მან პირობა შეასრულა და აღნიშნული ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებს მხოლოდ 20 სექტემბერს გადასცა, ზოგადი ინფორმაცია კი ეთერში ორშაბათს გაავრცელა. ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, მან მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროა ინფორმაცია, რაც გაიგო, რომ სუს-ის ყოფილ თანამშრომელს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმეს და საპატიმროში დატოვეს. ინფორმაციის გავრცელების შესახებ შეთანხმების მთავარი პირობაც, რამიშვილის განმარტებით, სწორედ ეს იყო.

მან ასევე “მთავარ არხთან” საუბარისას განაცხადა, რომ სიცრუეა, თითქოს სუს-ის ყოფილ თანამშრომელს ბაჩალიაშვილისთვის მეხსიერების ბარათების გადაცემის შესახებ მისთვის არაფერი უთქვამს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი