ახალი ამბები

საზმაუს სჭირდება ადამიანი, რომელმაც საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკის შემუშავება იცის — ლაგაზიძე

24 სექტემბერი, 2020 • 1209
საზმაუს სჭირდება ადამიანი, რომელმაც საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკის შემუშავება იცის — ლაგაზიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატის, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, მისთვის კონკურსში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია საინფორმაციო უსაფრთხოება და საზოგადოების დეზინფორმაციისგან დაცვაა. ამის  შესახებ მან დღეს, 24 სექტემბერს, სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებისას განაცხადა.

როგორც ლაგაზიძე ამბობს, პრინციპული მნიშვნელობის საკითხია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავარი თავდაცვის იარაღი იყოს იმ საინფორმაციო ომში, რომელშიც საქართველო რამდენიმე წელია “სერიოზული დარტყმის ობიექქტია”.

“დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ კარგად იცის ნიუსი ან კარგად იცის ამ ტელევიზიის დერეფნები, არამედ ადამიანი, რომელსაც აქვს ხედვა დღეს გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოსთვის, როგორ შეიმუშაოს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით სწორი საინფორმაციო პოლიტიკა და საინფორმაციო თავდაცვითი პოლიტიკა”, — განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, არჩევის შემთხვევაში, უარს იტყვის ხელფასის 5 ათასი ლარით გაზრდაზე და მას ჟურნალისტურ ფონდში გადარიცხავს, რომლის განკარგვის საშუალებაც ჟურნალისტებს ექნებათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ბოლო ტურში მონაწილეობას სამი ადამიანი აგრძელებს: 1. ირმა სოხაძე; 2. ხათუნა ლაგაზიძე და 3. თინათინ ბერძენიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის შესარჩევი კონკურსიდან ალექსანდრე ვახატნგოვმა საკუთარი კანდიდატურა დღეს, 24 სექტემბერს მოხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი