ახალი ამბები

რეიტინგი აცდენილია რეალობას — ბერძენიშვილი საზმაუს რეიტინგებზე

24 სექტემბერი, 2020 • 1066
რეიტინგი აცდენილია რეალობას — ბერძენიშვილი საზმაუს რეიტინგებზე

თინათინ ბერძენიშვილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი და ამჟამად ამევე არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიცაა, ამბობს, რომ არხის რეიტინგი, რომელსაც ზოგიერთი მთვლელი ავრცელებს, რეალობას აცდენილია.

ამის შესახებ მან  დღეს, 14 სექტემბერს, სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებისას თქვა. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზაზა აბაშიძემ მას შეახსენა, რომ  წინა დირექტორის, რომლის გუნდის წევრიც ბერძენიშვილიც იყო, მთავარი დაპირება იყო, რომ დღეს 15%-იანი რეიტინგი იქნებოდა. აბაშიძის თქმით,  IDFI-ის მონაცემებით, 2018-2019 წლის საშუალო რეიტინგი დაახლოებით 5%-ია.

აბაშიძემ ბერძენიშვილს ჰკითხა, რატომ არის ამხელა აცდენა დათქმულს და რეალურ შედეგს შორის, რაზეც ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ ეს აიხსნება ქვეყანაში არსებული ორი სხვადასხვა მთვლელით, რომლებიც განსხვავებულ მონაცემებს იძლევიან.

“უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში არის ორი სარეიტინგო მონაცემი, ორი კომპანია. ქვეყანაში არის ორი ვალუტა, რომლითაც ჩვენ თანხას ვიხდით.  ორივე მთვლელის მონაცემი არის დრამატულად განსხვავებული ერთამანეთისგან. რიგ შემთხვევაში 100%-იანი კი არა, 300%-იანი სხვაობაა. ამიტომ, საზოგადოებრივ მაუწყებელს რომელი რეიტინგით ვთვლით?[…] რეიტინგი, მე თუ მკითხვათ, ციფრით აცდენილია რეალობას”, — განაცხადა ბერძენიშვილმა.

აბაშიძის კითხვაზე, რატომ ხდება რეიტინგის ზრდა მხოლოდ გასართობი და შემეცნებითი გადაცემების ხარჯზე და არა პოლიტიკური გადაცემების, ბერძენიშვილი პასუხობს, რომ გართობაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებაა.

“ვინ თქვა, რომ გართობა ისეთივე ვალდებულება არ არის და ისეთივე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, როგორც შემეცნება ან როგორც ახალი ამბები. თუ შევხედავთ ჩვენს გადანაწილებას, მიმართულებებში ყველაზე დიდი ნაწილი შემეცნებას უკავია”, — განაცხადა ბერძენიშვილმა.

აბაშიძემ ასევე ჰკითხა, რას აპირებს ბერძენიშვილი მაუწყებლის წინააღმდეგ არსებულ შრომით დავებთან დაკავშირებით და ექნება თუ არა ახლებური ხედვა ამ მიმართულებით, რაზეც მან უპასუხა, რომ:

“შრომითი დავები არამარტო ჩვენი აქილევსის ქუსლია, თუმცა თანმიმდევრული HR-პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია. აუცილებლად უნდა მივხედოთ ამ თემას”, — განაცხადა ბერძენიშვილმა. მისივე მოსაზრებით, შრომითი დავების ნაწილი ხელოვნურად არის წამოწყებული და, საერთო ჯამში, რაოდენობრივად, ეს დავები დიდი მასშტაბის არ არის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ბოლო ტურში მონაწილეობას სამი ადამიანი აგრძელებს: 1. ირმა სოხაძე; 2. ხათუნა ლაგაზიძე და 3. თინათინ ბერძენიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის შესარჩევი კონკურსიდან ალექსანდრე ვახატნგოვმა საკუთარი კანდიდატურა დღეს, 24 სექტემბერს მოხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი