ახალი ამბები

მგონია, რომ არხს ავტორიტეტები სჭირდება — ირმა სოხაძე საზმაუზე

24 სექტემბერი, 2020 • 2200
მგონია, რომ არხს ავტორიტეტები სჭირდება — ირმა სოხაძე საზმაუზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე მომღერალმა ირმა სოხაძემ დღეს, 24 სექტმებერს, სამეურვეუ საბჭოს წევრებს არხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.

სოხაძემ რამდენიმე საკითხი გამოყო, რომელთა შეცვლსაც ისურვებდა. მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, ეიჯიზმია.  როგორც სოხაძე ამბობს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ძირითადად უფროსი თაობა უყურებს და ამიტომ არხს “ავტორიტეტები” და “ფეისები” სჭირდება იმისთვის, რომ მაყურებელი მოიზიდოს.

“თითქოს, ეიჯიზმის ნიშნით, 40 წელს ზემოთ არ ზის არც წამყვანი, არც გადაცემის ავტორი. ახლა ცოტა შეიცვალა, ძალიან კარგი გადაცემაა ტელესკოლა მეორე არხზე. არ შეიძლება, რატომ, იცით? იმას რომ თავი დავანებოთ, სხვა მსგავს ტელევიზიებს, საზოგადოებრივ მაუწყებლებს, ჩვენი მაყურებელი ძირითადი მაინც არის ცოტა უფროსი თაობა. მე არ მგონია, ჩვენ თინეიჯერები გვიყურებდნენ, რატომღაც. იმიტომ, რომ ისინი სხვა რაღაცებით არიან დაკავებული ძირითადად. ამიტომ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი წამყვანების ავტორიტეტით მათი რაღაცა, თუნდაც ასაკობრივი, ჩემიანს რომ ვხედავ, მე უფრო მჯერა მისი, ვიდრე პირტიტველა, ლამაზ, საყვარელ, მაგრამ ბავშვს, რომლისაც რატომღაც არ მჯერა. არ მგონია, რომ ის იმას აკეთებს და ლაპარაკობს, რაც ჩემთვის საინტერესო და მისაღებია”, — განაცხადა ირმა სოხაძემ.

ირმა სოხაძის თქმით, დღევანდელ საზოგადოებრივ მაუწყებელს “რეჟისორის და მხატვრის ხელი აკლია”.

“არის სტუდიები, რომელიც იმ ფერებში იყოს, არის ისეთი გადაცემები, სადაც განათება არ არის დაყენებული… იგივე “მოამბე”, უზარმაზარი სტუდია გვაქვს და დიქტორი ზის და კედელზე აქვს მიდებული თავი, უზარმაზარი ეკრანია იქ, სადაც ბუზი სპილოსავით ჩანს, აბსოლუტური შეუსაბამობაა ვიზუალური. ეს შეიძლება მაყურებელს არ აინტერესბდეს, მაგრამ თვალს რომ არ მოსწონს “კარწინკა”… ესთეტიკა… ჩვენს არხს უნდა ჰქონდეს უმაგრესი ესთეტიკა”, — განაცხადა სოხაძემ.

ირმა სოხაძის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ პირველ არხზე “შავი სიებია”.

“მე პირადად მაქვს ეს ეჭვი. არ დაგიმალავთ, ალბათ, მეც მათ შორის ვარ. სამი წელი ჩემი ჭაჭანება არ ყოფილა არცერთ გადაცემაში. სხვა ტელევიზიები თუ ათასში ერთხელ გვეძახიან, აქ რატომ არა [… ]ნეტავ კი ვინმეს ჟიურიში მაინც დავესვი, არ შეიძლებოდა “რანინას” ჟიურიში? სრული იგნორირებაა, გესმით, ვიღაცების, მე ილუსტრაცია ვარ, აგერ ვარ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, ამიტომ მწყინს”, — განაცხადა მან.

როგორც ირმა სოხაძე ამბობს, მას სურს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში “ოქროს ხანა” დადგეს.

“თქვენ თუ გნებავთ, რომ ძირეული ცვლილებები ყოველგვარი მტკივნეული ჩარევის გარეშე, სტაფთან ერთად, შემოქმედებით კოლექტივთან ერთად, გავაცოცხლოთ და ავაყვავოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაშინ მე აქ ვარ”, — განაცხადა სოხაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ბოლო ტურში მონაწილეობას სამი ადამიანი აგრძელებს: 1. ირმა სოხაძე; 2. ხათუნა ლაგაზიძე და 3. თინათინ ბერძენიშვილი.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტოორბის შესარჩევი კონკურსიდან ალექსანდრე ვახატნგოვმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ამჟამად სწორედ ბერძენიშვილი ასრულებს მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი