აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
“მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურყევი პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თაობაზე. დადასტურდა ორი ქვეყნის დაინტერესება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების თაობაზე და ხაზი გაესვა კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში დაბრუნების აუცილებლობას”, – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური ცნობითვე, საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა წარიმართოს სარკინიგზო და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნების ტრანზიტული პოტენციალის გაუმჯობესებისათვის.
აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე”.
თბილისის ცნობითვე, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესიც.
“გამოიხატა მწუხარება, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო კომისიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები და სამუშაოები ვერ ჩატარდა. გამოითქვა ორივე მხარის დაინტერესება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მუშაობის აქტიურ გაგრძელებასა და საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით გადაწყვეტაზე”.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მხარეებმა კულტურულ ასპექტებზეც ისაუბრეს.
„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, შევაფასეთ, თუ რა იყო დღემდე, როგორ მოვედით და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.
მაგალითად, 2019 წელს, სექტემბერში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში საზეიმოდ გაიხსნა ქართული საშუალო სკოლის ახლად აშენებული შენობა და მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო უშუალოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის მხარდაჭერით. სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი და დღეს იქ 160 მოსწავლეზე მეტი იღებს განათლებას, ეს არის სწორედ გამოძახილი ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზალკალიანმა კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ეკლესიაში ჩატარებული წირვა-ლოცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოსთან კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის განვითარებას.
ზალკალიანის განცხადებითვე, თავის მხრივ, საქართველოც ზრუნავს აზერბაიჯანული კულტურის, ენის და თვითმყოფადობის გაძლიერებასა და განვითარებაზე – საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედებს აზერბაიჯანული სკოლები, კულტურისა და განათლების ცენტრები, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურისა და განათლების სამინისტროები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
„გასული წლის ოქტომბერში, ბოლო 120 წლის განმავლობაში, პირველად ჩატარდა საზეიმო წირვა კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ეკლესიაში. აღნიშნული მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი დიდი ყურადღებით ეპყრობიან ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორები საქართველოსთან კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის განვითარებას.
ჩვენი მხრიდანაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, იგივე აზერბაიჯანული ენის სწავლების თვალსაზრისით საქართველოში, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში და საგანმანათლებლო ცენტრებში. არის სურვილი, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას ჰეიდარ ალიევის სახელობის თეატრთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მდებარეობს. პოლიტიკური ნება არსებობს და ჩვენ ხელს არაფერი შეგვიშლის დავსახოთ ახალი პროექტები, ახალი მიზნები და წარმატებით მივაღწიოთ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს”.