ახალი ამბები

როგორ აშუქებენ წინასაარჩევნო პერიოდს ტელევიზიები – კვლევა

24 სექტემბერი, 2020 •
როგორ აშუქებენ წინასაარჩევნო პერიოდს ტელევიზიები – კვლევა

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ტელევიზიების  მთავარი საინფორმაციო გამოშვებების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

კვლევა 15 ივნისს დაიწყო და დეკემბერში უნდა დასრულდეს. კვლევის ფარგლებში კი ავტორები ყურადღებას ისეთ კომპონენტებზე ამახვილებენ, როგორიცაა ამა თუ იმ სუბიექტისთვის დათმობილი საეთერო დრო, გაშუქების ტონი, ბალანსი, სიზუსტე და სხვა.

ძირითადი ტენდენციები ანგარიშის მიხედვით

  • პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო.“
  • „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად იმედის ეთერში გაშუქდა (29 %), ყველაზე უარყოფითად კი, „მთავარი არხის“ ეთერში (72 %).
  • „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად ,,მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა, დათმობილი დროის 6%-ით. ყველაზე უარყოფითად (79%) კი- „ობიექტივის“ ეთერში. 
  • „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტი დრო „ფორმულას“ ეთერში დაეთმო. დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 1%-ზე ოდნავ მეტი შეადგინა. ყველაზე პოზიტიური გაშუქება პარტიას ,,ტვ პირველზე“ და ,,კავკასიაზე“ ჰქონდა (2 %). ეს პარტია ყველაზე უარყოფითად (38 %) „იმედის“ ეთერში გაშუქდა.
  • პარტიას, „ლელო საქართველოსთვის“, ყველაზე მეტი დრო „ტვ პირველის “ ეთერში დაეთმო. დადებითმა გაშუქებამ დათმობილი დროის 3% შეადგინა. ყველაზე პოზიტიური გაშუქება კი მას ,,კავკასიაზე “ ჰქონდა ( 21 %).
  • მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო ,,იმედმა“ დაუთმო. უარყოფითმა გაშუქებამ 74 % შეადგინა. ყველაზე ნეგატიურად კი მიხეილ სააკაშვილი ,,პოსტ ტვ “ – ზე გაშუქდა (80 %).
  • ხელისუფლებისადმი ყველაზე კრიტიკული ტონი „მთავარ არხს“ აქვს. შესაბამისად, კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის ეთერში გადის.
  • წინა წლების მსგავსად, ,,ობიექტივი“ ერთადერთი არხია, რომელიც კვლავ დიდ დროს უთმობს „პატრიოტთა ალიანსის“ გაშუქებას.
  • წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რაც ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
  • წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ეთიკური დარღვევის ფაქტები.
  • წინა წლების მსგავსად, თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქების ფაქტები.
  • მთელი პერიოდის განმავლობაში, დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. საგულისხმოა, რომ განცხადებების ავტორები, პოლიტიკოსებთან ერთად, ჟურნალისტებიც იყვნენ.

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 12 სატელევიზო არხზე: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, პოსტ ტვ.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, აკვირდება ტელემედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას. სატელევიზიო მთავარ საინფორმაციო გამოშვებების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტებია ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.

სრული ანგარიში ნახეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი