ახალი ამბები

სსმ მოსწავლეებს სკოლაში მასწავლებელთან ინდივიდუალური შეხვედრების საშუალება ექნებათ – ჩხენკელი

24 სექტემბერი, 2020 • 861
სსმ მოსწავლეებს სკოლაში მასწავლებელთან ინდივიდუალური შეხვედრების საშუალება ექნებათ – ჩხენკელი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს სკოლებში მასწავლებებლებთან ინდივიდუალური შეხვედრების შესაძლებლობა ექნებათ. თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეეხება აჭარის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს. ამის შესახებ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

“სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეეებს, აჭარის გარდა, ყველგან ექნებათ საშუალება, რომ სპეციალურად განკუთვნილ ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის. ეს იქნება ერთი-ერთზე შეხვედრები, იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები მშობლებთან შეათანხმებენ”, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში – სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება მხოლოდ I-VI კლასელი ბავშვებისთვის.

რაც შეეხება ფოთსა და გორს, ამ ქალაქებში ყველა კლასის მოსწავლეები დაბრუნდებიან სკოლებში. სწავლა ისევ შეზღუდულად, ონლაინ რეჟიმში წარიმართება აჭარის სკოლებში და ჯერ უცნობია, როდის შეძლებენ ბავშვები საკლასო ოთახებში დაბრუნებას.

საქართველოს დანარჩენ ქალაქებსა და სოფლებში სწავლა ჩვეულებრივ, საკლასო ოთახებში გაგრძელდება ყველა კლასისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი