ნეტგაზეთი | აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ – Netgazeti
RU | GE  

აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოზე ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ

აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში, კენეტ იალოვიცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნი,  აქვეყნებენ ერთობლივ სტატიას  — “საქართველო: კორონავირუსიდან დემოკრატიის კრიტიკულ ტესტამდე”.

დიპლომატები ერთობლივ წერილში საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე, საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე საუბრობენ.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლას წარმატებით გაუმკლავდა, თუმცა ახლა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პანდემიის გამო ეკონომიკური შედეგების მოგვარება უნდა შეძლოს.

ყოფილი ელჩები მიესალმებიან ახალი, კომპრომისული, საარჩევნო სისტემის შემოღებას, თუმცა არჩევნებში რუსეთის მოსალოდნელი ჩარევის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

მათი თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს მეგობრებს ძალიან  აღელვებთ ქვეყნის ბოლოდროინდელი რეფორმების ტრაექტორია და ამის საილუსტრაციოდ მოჰყავთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელმაც მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც საქართველოსთვის გამოსაყოფი დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს, თუ საქართველო არ “გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს”, კორუფციასთან ბრძოლასა და ქვეყანაში მოქმედი უცხოური ბიზნესის დაცვას.

როგორც დიპლომატები ამბობენ, ეს არის სიგნალი იმისა, რომ ყურადღებით დააკვირდებიან მომავალ არჩევნებსა და უცხოელ ინვესტორებთან საქართველოს ურთიერთობას.

მათი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აღინიშნებოდა “ძალადობა და  დაშინება” და  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მუქარა.

“2019 წლის ივნისში პარლამენტის წინ მყოფი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს.

2019 წლის დეკემბრში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის მიხედვით, ქართველთა 53% თვლიდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ 19% კი— სწორი მიმართულებით. იმავე გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 59%-ს არ სჯერა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, ერთი წლით ადრე კი ამ აზრს 46% იზიარებდა”, — ნათქამია სტატიაში.

ყოფილი ელჩები აღნიშნავენ, რომ წლის დასაწყისში მთავრობასა და ოპოზიციას შორის პოლარიზაციამ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებელ სისტემასთან დაკავშირებით შემაშფოთებელ დონეს მიაღწია. მათი თქმით, აშშ-ის და ევროპელი ელჩების დამსახურებაა, რომ პარლამენტმა კომპრომისული საარჩევნო სისტემა დაამტკიცა.

ასევე, ელჩები ხაზს უსვამენ იმას, რომ დიპლომატების მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება.

როგორც დიპლომატები ამბობენ, წინასაარჩევნო პერიოდში უკმაყოფილებები არსებობს მედიაგარემოსთან დაკავშირებითაც.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ სასამართლოს შევიწროებისა და გამკაცრებული კანონდებლობის შედეგად ”საქართველოს მედიისთვის კლიმატი დამამძიმებელი ხდება” და  კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებები ”რადიო და ტელეარხების კონტროლის აშკარა სურვილს წარმოაჩენს”, — ნათქვამია სტატიაში.

მათივე თქმით, საქართველოს მეგობრები და მეზობლები ყურადღებით დააკვირდებიან საპარლამენტო არჩევნებსა და კენჭისყრის პროცესს. როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, შეფასდება: მედიის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა, საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი, “ქართული ოცნების” მიერ  სახელისუფლებო ინსტრუმენტების გამოყენება უსამართლო უპირატესობის მოსაპოვებლად. მათი თქმით, ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს დამოუკიდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებზე.

ყოფილი ელჩები ყურადღებას ამახვილებენ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და ბიზნესგარემოზე. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი და ივლისში ჩატარებულმა NDI-ს გამოკითხვამავ აჩვენა, რომ გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების მიერ კრიზისის მართვას ეფექტურად აფასებს, ეკონომიკურ სცენაზე ნაკლებად პოზიტიური ვითარებაა.

დიპლომატები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზს ახსენებენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება. მათივე თქმით, უმუშევრობა კვლავ “აქილევსის ქუსლად რჩება” და კვლავ მაღალია სიღარიბის მაჩვენებლები, განსაკუთრებით სოფლად.

მათივე თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული გადაუდებელი ნაბიჯები ეკონომიკის განვითარებას დაეხმარება, მაგრამ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია საჭიროა.

როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, საქართველოს მთავრობამ უცხოელ ინვესტორებს “წითელი დროშა” აუფრიალა ორ მნიშვნელოვან პროექტზე — ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ქსელის, ”ციფრული აბრეშუმის გზაზე”.

ყოფილი ელჩები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო საერთაშორისო დონორების მოთხოვნის დაკმაყოფილება და მათთვის გარანტიების მიცემა, რის გამოც პროექტი ამერიკელმა პარტნიორებმა დატოვეს.

“როგორც ჩანს,  შეჩერებული პროექტი პოლიტიზირებულად იქცა და  საქართველოს მთავრობას არ შეუძლია, ან სურვილი არ აქვს, რომ საერთაშორისო დონორთა მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მათ საჭირო გარანტიბი მისცეს”, — აღნიშნავენ ელჩები.

რაც შეეხება მეორე — “ციფრული აბრეშუმის გზის” პროექტს, დიპლომატების თქმით,  პროექტის განხორციელებისთვის საერთაშორისო კონსორციუმმა საქართველოს ერთ-ერთი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიის 49%-იანი წილი შეიძინა. თუმცა, მათი თქმით,  საქართველოს მთავრობამ კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებებით, შესაძლოა, აღნიშნული წილის გაყიდვა შეაჩეროს ან წილებს დაეპატრონოს.

დიპლომატების თქმით, ორივე შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ კომპანიებმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართონ  (რაც ახლა ხდება ანაკლიასთან დაკავშირებით). მათი თქმით, ამან შესაძლოა  პოტენციური უცხოელი ინვესტორების დაფრთხობა გამოიწვიოს და მოლაპარაკებათა შედეგად შესაძლოა ეს რისკები შემცირდეს.

როგორც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები აღნიშნავენ, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველო რთულ გამოწვევებს გაუმკლავდა და იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყანა ახალ ტესტის გავლასაც შეძლებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი