ახალი ამბები

2 საათის წინ მივიღე გადაწყვეტილება, მიშას არ ვუთხარი უარი – ჟორჟოლიანი

23 სექტემბერი, 2020 • 2568
2 საათის წინ მივიღე გადაწყვეტილება, მიშას არ ვუთხარი უარი – ჟორჟოლიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ ახლად დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატი იმერეთში, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ფაქტობრივად, 2 საათის წინ მიიღო გადაწყვეტილება, კანდიდატად წარდგენას დათანხმებულიყო და არაერთი მიზეზის გამო მიხეილ სააკაშვილს უარი არ უთხრა კენჭისყრაზე.

ნანუკა ჟორჟოლიანი 23 სექტემბერს, 21:00 საათისთვის წარადგინეს წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის ოლქში „ძალა ერთობაშიას“/„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად. იმავე საღამოს მან თქვა:

„ფაქტობრივად, 2 საათის წინ მივიღე მე თვითონ გადაწყვეტილება, რომ მეთქვა თანხმობა, ვიყარო კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად… ვიყარო კენჭი თქვენი გულის მოსაგებად, თქვენი ნდობის მოსაპოვებლად“, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა „მთავარი არხის“ ეთერში, საკუთარ გადაცემაში.

ჟორჟოლიანის თქმით, მას მსგავსი შემოთავაზება არაერთხელ მიუღია, თუმცა ყოველთვის უარს ამბობდა: „იმიტომ, რომ არ მინდა, ქართული პოლიტიკის ნაწილი ვიყო“.

წამყვანის თქმით, „გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი იყო, რომ კარგად დამარწმუნეს, რომ ომია და არასოდეს ცხოვრებაში ომში წასვლაზე უარი არ მითქვამს“.

„არ ვაპირებ, რომ რაღაცნაირად თავი მოგაბეზროთ ციფრებზე ლაპარაკით… მოკლედ, არ ვაპირებ, რომ პოლიტიკოსი გავხდე. მე ვაპირებ, რომ ჩამოვიდე თქვენთან, ყველა სოფელში, — დღეში 7-8 სოფელი უნდა ვნახო, რომ ყველა მოვასწრო“.

ამასთან, ჟორჟოლიანმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გივი ჭიჭინაძეს, რომელიც იმერეთის ყოფილი გუბერნატორია, მთავარი კონკურენტი უწოდა და თქვა, რომ მას პატივს სცემს:

„მე არ ვაპირებ არავის ლანძრვას… მე საჯაროდ ვუდასტურებ ჩემს პიროვნულ პატივისცემას ჩემს მთავარ კონკურენტს, გივი ჭიჭინაძეს, რომელთანაც არავითარ შემთხვევაში არ შევალ ბინძურ კამპანიაში და ბინძურ ბრძოლაში. და მე საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ იყრის კენჭს“…

„არ ვიცი, შეიძლება არასწორი სფიჩი იყო პოლიტიკურად, მაგრამ ეს არის სინამდვილეში, რატომაც გადავწყვიტე, რომ ჩემს მეგობარს, ვისი თანამებრძოლიც მე ვიყავი მთელი ამ წლების განმავლობაში და ვისაც ვთვლი მთავარ წარმატების ფორმულად, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შექმნილა ამ ქვეყნის პირველ პირებში. ყველა ამ მიზეზის გამო ამ ადამიანს, მიშას, არ ვუთხარი უარი ამ მთავარ გამოწვევაზე“, – თქვა ჟორჟოლიანმა.


„ნაციონალურმა მოძრაობამ“/„ძალა ერთობაშიამ“ ცოტა ხნინ წინ ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული ჰქონდა გადამდგარ გენერალ დევი ჭანკოტაძეს.

გაიგეთ მეტი:

ოლქში, სადაც ჟორჟოლიანი წარადგინეს, დევი ჭანკოტაძე იყო დასახელებული – რა მოხდა?

მასალების გადაბეჭდვის წესი