ახალი ამბები

უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტი “ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გამოუცხადა

23 სექტემბერი, 2020 • 902
უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტი “ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გამოუცხადა

უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტი “ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გამოუცხადა. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოიკოტის გამოცხადების მიზეზი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ უნდობლობის გამოცხადებაა.

“ჩვენც ბოიკოტს ვუცხადებთ უწყებათაშორის კომისიას, რომელიც თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით იყო მრავალი წლის მანძილზე და ახლა ფორმალურად მის მოადგილეს გადაეცა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამით უწყების მთავარი პრობლემა არ შეიცვალა. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ის რეალურად არ იხილავს და არ რეაგირებს იმ უამრავ დარღვევაზე, რაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ხდება. ამიტომ, ჩვენ ამ ფორმატს გამოვუცხადეთ ბოიკოტი”, — განაცხადა ბოკუჩავამ.

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი თქვა “ევროპულმა საქართველომაც”.  ენმ-ის მსგავსად, ისინიც აცხადებენ, რომ თეა წულუკიანი პრობლემის მოგვარებით დაინტერესებული არ არის.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირების მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი