ახალი ამბები

ევსაქები უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

22 სექტემბერი, 2020 • 1209
ევსაქები უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

“ევროპული საქართველო” მონაწილეობას აღარ მიიღებს დღეს, 22 სექტმებერს, ჩანიშნულ უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

კაპანაძის განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ კომისიის ხელმძღვანელი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრობლემის მოგვარებით დაინტერესებული არ არის.

როგორც კაპანაძე ამბობს, წულუკიანი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი გამორჩეული და “ღვარძლიანი სახეა”, რომელიც ამ კომისიას, ისევე როგორც ყველაფერ დანარჩენს, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

“ჩვენ ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ. შეუძლია შეიკრიბოს თავის თანამზრახველებთან, თანამოაზრეებთან ერთად და იმსჯელოს”, — განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირების მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი