ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, „ევსაქებს“ პარლამენტის სპიკერის პოსტს სთავაზობდა

23 სექტემბერი, 2020 • 807
სააკაშვილის თქმით, „ევსაქებს“ პარლამენტის სპიკერის პოსტს სთავაზობდა

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ ცალკე შესთავაზა საერთო სიის ფორმირება და მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები პარლამენტის თავმდჯომარისა და პრემიერ-მინისტრის პოსტებზე. „ევროპული საქართველო“ კი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო პროპორციულ სიასა და, გამარჯვების შემთხვევაში, სამთავრობო თანამდებობებზე ფარული მოლაპარაკებები არ გაუმართავთ.

რა ხდება?

22 სექტემბერს „მთავარი არხის“ ეთერში გუბაზ სანიკიძემ, რომელიც ირიცხება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულ კოალიციაში („ძალა ერთობაშია“), თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა „მთელ ოპოზიციურ სპექტრს“ შეთავაზება „უპირობო“ საერთო სია, რაზეც პარტიებმა უარი თქვეს, სხვა შეთავაზებაც ჰქონდა „ევროპული საქართველოს“ მიმართ:

„რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, რახან „დაბომბვა“ დაიწყეს სააკაშვილის, კონკრეტულად „ევროპულ საქართველოს“ დაახლოებით 2 თვის წინ სააკაშვილმა შესთავაზა ბლოკი: სიაში პირველი 50 კაციდან – 20 „ევროპულ საქართველოს“, 30 — ენმ-ს; მაჟორიტარებში კი- 20 „ევროპულ საქართველოს“ და 10 — ენმ-ს“, – თქვა სანიკიძემ. მისი თქმით, ამის შესახებ თავიდან არ იცოდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამაზე პასუხად თქვა, რომ კოალიციაში იყო და საერთოდ არ ჰქონდა მსგავსი რამის შესახებ გაგებული. იქვე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ თქვა, რომ ასეთი კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა.

მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველისთვის გაკეთებულ კომენტარში თქვა: „თავიდან ჩემი შეთავაზება იყო, ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია, აერჩია პერმიერობის ერთიანი კანდიდატი — რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე, — და წასულიყო არჩევნებზე. ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და ამიტომ არ გამოვიდა“.

„მეორე იყო ჩვენი შეთავაზება ევროპულ საქართველოსთან და ეს მოლაპარაკებები წარმოებდა რამდენიმე კვირა, რომ პარიტეტულ საწყისებზე, პრაქტიკულად თანაბრად, დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ, პრემიერობაზე ცალკე მომხდარიყო შეთანხმება და იქაც, რა თქმა უნდა, არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც, რაღაც მიზეზების გამო, მათ მიერ იქნა უარყოფილი“, – თქვა სააკაშვილმა ტვ პირველის კითხვაზე პასუხად.

სააკაშვილს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად ვისთან ჰქონდა მოლაპარაკებები „ევროპულ საქართველოში“.

„ევროპული საქართველოს“ პასუხი

23 სექტემბერს „ევროპულმა საქართველომ“ გავრცელა განცხადება, სადაც უარყვეს, მათი სიტყვებით, „ვითომ სკანდალური ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპული საქართველოსთვის შეთავაზებულ იქნა საერთო პარტიული სია მასში პარტიული კვოტებით და თანამდებობებით და რომ თითქოს მიდიოდა რაღაც ფარული მოლაპარაკებები და ეს საკითხი განიხილებოდა ევროპული საქართველოს მიერ“.

პარტიის თანახმად, „ეს ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე, რაც, სამწუხაროდ, ასე ხშირად ისმის ხოლმე ბოლო პერიოდში ენმ-ის წევრებისგან“. „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, სინამდვილეში პროცესი ასე წარიმართა:

„13 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ მიმართვაში შესთავაზა ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ შეექმნათ საერთო სია. ეს იდეა მყისიერად იქნა უარყოფილი ყველა პოლიტიკური ძალის და, პირველ რიგში, „ევროპული საქართველოს“ მიერ, მარტივი მოსაზრების გამო. ერთიანი ოპოზიციური სია იქნებოდა დიდი საჩუქარი ივანიშვილისთვის, რომელიც ცდილობს, რომ შეგნებულად დახატოს ორპოლუსიანი სურათი“.

„ეს იდეა მყისიერად იქნა უარყოფილი ევროპული საქართველოს მიერ საჯაროდ, ამიტომ, ბუნებრივია, არანაირი სხვა დეტალი ევროპულ საქართველოს არც კი განუხილავს“, – ირწმუნება პარტია.

პარტიის პოზიციით, „როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობენ, რომ ამგვარი ტყუილებით ჩამოირეცხონ შეთანხმების დამრღვევის სახელი“. „ევროპული საქართველო“ საუბრობს თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ შეთანხმებაზე, რის დარღვევაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

„სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაუოკებელი სურვილი, რომ გახდეს პრემიერი, უფრო დიდი ღირებულებაა ენმ-სთვის, ვიდრე საერთო ძალისხმევა, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს“, – წერია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომელიც ენმ-ს 2017 წელს გამოეყო, ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე.

ნახეთ ასევე:

2 ცვლილება, რასაც ენმ სააკაშვილის გაპრემიერებისთვის გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი