ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩვენს გადაადგილებას არავინ აკონტროლებს – კოვიდინფიცირებული სოხუმიდან

23 სექტემბერი, 2020 •
ჩვენს გადაადგილებას არავინ აკონტროლებს – კოვიდინფიცირებული სოხუმიდან

აფხაზეთში დღეში საშუალოდ ავლენენ COVID-19-ის  50 ახალ შემთხვევას. თუმცა მონაცემებში, რომელსაც კორონავირუსთან ბრძოლის ადგილობრივი ოპერატიული შტაბი აქვეყნებს, არ ხვდებიან ისინი, ვინც რამდენიმე დღით ადრე იტესტება. ბიომასალის ანალიზის პასუხი დროში ხანგრძლივდება, შესაბამისად, რთულია თქვა, როგორი სიჩქარით ვრცელდება ვირუსი.

“მე და ჩემს ქმარს შაბათს აგვიღეს ანალიზი, დადებითი პასუხი მხოლოდ ორშაბათს შემატყობინეს. ინფიცირებულია თუ არა ჩემი ქმარიც, დღემდე არ ვიცით”, – ამბობს სოხუმში მცხოვრები ინა კაკალია. 

“ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს, მე, ქმარი, მისი მშობლები და ჩვენი 4 წლის შვილი. თუმცა ანალიზები მხოლოდ მე და ჩემს ქმარს დაგვინიშნეს. დღეს ექიმი ჩვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, ასაკოვანი მშობლების ჯანმრთელობით კი არ დაინტერესებულა”.

ამასთან, ქალი ამბობს, რომ ქალაქში თავისუფლად გადაადგილება ოჯახის ყველა წევრს შეუძლია და მათ ადგილსამყოფელს არავინ აკონტროლებს.

ზოგადად, სოხუმში კოვიდინფირებულ ნაცნობებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არცთუ იშვიათად შეიძლება შეხვდე. ამ პაციენტების მიმართ არც რაიმე სანქციაა გათვალისწინებული.

ქალი ვარაუდობს, რომ ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ქორწილში დაინფიცირდა [შემოდგომა აფხაზეთში ქორწილების სეზონია]. 

„ბოლო ქორწილში უკვე სუსტად ვიგრძენი თავი და წნევას დავაბრალე. თურმე უკვე დაინფიცირებული ვიყავი და სხვებსაც გადავდე”.

არანაკლები პრობლებაა სოხუმში თავად ტესტირება. 

“ცხელი ხაზით დავუკავშირდი ექიმს, როდესაც კორონავირუსის ნიშნები აღმომაჩნდა. მან უბნის ექიმთან გადამამისამართა. უბნის ექიმმა მირჩია, თუ სად უნდა წავსულიყავი ტესტის ჩასაბარებლად. იმავე დღეს ვეღარ მოვხვდი ამ პროცედურაზე, რადგან აღმოჩნდა, რომ პუნქტში ტესტები აღარ ჰქონდათ. მეორე დილით ძალიან ადრე მივედი, 08:00 სააათზე, და 21-ე შევედი. აღმოჩნდა, რომ სულ 30 ტესტი იყო იმ დღეს, პუნქტში კი ხალხმრავლობა იყო”, – გვიყვება კოვიდინფიცირებული.

სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მადინა ბუტბას განმარტებით, ყოველდღე 30 ტესტით ამარაგებენ.

სინჯის აღება დილის რვა საათზე იწყება და სრულდება მაშინ, როდესაც ტესტების რაოდენობა მთავრდება. ვინც ვერ ასწრებს, მეორე დღეს ისევ მიდის.

სოხუმის საავადმყოფო; ფოტო: ნეტგაზეთი

რიგი ტესტირებაზე; ფოტო: ნეტგაზეთი

“გვესმის, რომ 20-30 ტესტი დღეში ცოტაა. თუმცა აქ უკვე თავად ლაბორატორიების შესაძლებლობასთან გვაქვს საქმე. მთელი აფხაზეთიდან ბიომასალები ოთხ ლაბორანტთან იყრის თავს. ისინი უფრო მეტის კვლევას ვერც ასწრებენ”, – გვეუბნება მადინა ბუტბა. 

ლაბორატორია სოხუმში

დადებითი პასუხი ინა კაკალიას ტელეფონით აცნობეს და შემდეგ სისხლის ბიოლოგიურ კვლევაზე და რენტგენის გასაკეთებლად გადაამისამართეს. ყველა კვლევაზე საკუთარი ავტომანქანით, ქმართან ერთად წავიდა. 

მსგავსი პროცედურების გავლა უწევდა სოხუმელ არდა ჯოპუას, რომელმაც დადებითი პასუხის შესახებ მის გამომწერებს ინსტაგრამით აცნობა. 

“ექიმმა ტელეფონით მითხრა, რომ არავინ მომაკითხავს და განმეორებითი ტესტის ჩასაბარებლად და რენტგენზეც მე თავად უნდა ვიზრუნო. ეს ყველაფერი როგორ შეესაბამება კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის გაფრთხლებას, რომ ინფიცირებულები სახლში უნდა იყვნენ გამოკეტილი, არ ვიცი”, – ამბობს არდა ჯოპუა. 

მოგვიანებით არდა ჯოპუამ დაწერა, რომ “იმ დღეს ინფექციურ საავადმყოფოში რენტგენი არ მუშაობდა და იქ წასვლას აზრი აღარ ჰქონდა”. 

რესპუბლიკის მთავარი სანიტარი ექიმი ლუდმილა სკორიკი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელებაში თავად მოსახლეობაა დამნაშავე, რადგან მოქალაქეები არ ითვალისწინებენ სპეციალისტების რეკომენდაციებს. 

“ყველა დაინფიცირებულს ვერ მივუჩენთ ექიმს, რომელიც ყურადღებას მიაქცევს, როგორ იცავენ თვითიზოლაციას. ეს შეუძლებელია. ეს მთლიანად ადამიანის შეგნებაზე და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული”, – ამბობს სკორიკი.

დღეს აფხაზეთის აფთიაქებში დამცავ საშუალებებზე დეფიციტი არ არის, თუმცა მათი ფასი საგრძნობლად გაიზარდა. 

აფხაზეთში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 5 ოქტომბრიდან შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის აიკრძალება ქორწილებიც. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი