ახალი ამბები

ბოლნისში ენმ-ის შტაბის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო

23 სექტემბერი, 2020 • 740
ბოლნისში ენმ-ის შტაბის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო

ბოლნისში “ნაციონალური მოძრაობის” შტაბი დააზიანეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმა ნეტგაზეთს უთხრა, შემთხვევა 23 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა.

შაშკინის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოფისს საღებავები გადაასხეს და პლაკატები ჩამოხიეს. პარტიაში მომხდარს “ქართული ოცნების” ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ თავდამსხმელები მისი დავალებით მოქმედებდნენ.

“სათვალთვალო კამერებს საღებავი გადაასხეს, შემდეგ კი ოფისი დაარბიეს. ამ ამბავში ყველაზე ამაზრზენი არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა უშუალოდ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ბრძანებით. [თავდავსხმელებმა] დავალება მიიღეს, რომ საღებავები გადაესხათ და ეს დავალება შეასრულეს”, – ამბობს შაშკინი.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გოგი მეშველიანი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გუნდის არცერთ წევრს მომხდართან კავშირი არ აქვს.

“ჩემი ინფორმაციით, ჩვენი გუნდის არცერთ წევრს არ აქვს კავშირი ამ ქმედებასთან და კატეგორიულად ვემიჯნებით მას. იმედი მაქვს, შესაბამისი სამსახურები მალე დაადგენენ, თუ რასთან გვაქვს საქმე”,-უთხრა ნეტგაზეთს მეშველიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი