ახალი ამბები

ენმ-ის კომისიის წევრებს ყალბი ნომრიდან არჩევნების საბოტაჟისკენ მოუწოდებენ – ბოკუჩავა

23 სექტემბერი, 2020 • 955
ენმ-ის კომისიის წევრებს ყალბი ნომრიდან არჩევნების საბოტაჟისკენ მოუწოდებენ – ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, რეგიონებში პარტიის წარმომადგენლებს ყალბი ნომრიდან უკავშირდებიან და არჩევნების საბოტაჟის ცრუ მითითებებს აძლევენ.

ბოკუჩავამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ენმ-ის ტყიბულის, ვანის, გორის, შუახევის, საგარეჯოსა და გურჯაანის საარჩევნო კომისიის წევრებს უცნობი პირი დაუკავშირდა და „არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარის“ ცრუ მითითება მისცა.

„ეს პიროვნება არის, სავარაუდოდ, ყალბი იდენტობა, რომელიც შექმნა სუს-მა, სწორედაც რომ საარჩევნო პროცესის საბოტაჟის მიზნით და ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რომ გამოიძიონ აღნიშნული საკითხი“, – თქვა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავამ ასევე დასძინა, რომ პარტიის წევრებმა გადაამოწმეს ნომერი, თუმცა მისი მფლობელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სიაში ვერ მოიძებნა – „ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავად ადამიანი ატარებს ყალბ იდენტობას, ან მას აქვს ვადაგასული პირადობა, ან სხვა ფორმითა და ფასლიფიკაციით აქვს აღებული ის ნომერი, რომლიდანაც ხორციელდებოდა ზარები,“.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ ბრიფინგთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ განცხადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი