22 სექტემბრიდან ესტონეთში ჩასვლის შემთხვევაში, საქართველოს რეზიდენტები 14-დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ალტერნატივის სახით საქართველოს რეზიდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ქვეყანაში ჩასვლისთანავე (ტალინის აეროპორტში, ასევე, ტალინის პორტში) ჩაიტარონ ტესტი კორონავირუსზე.
“იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი აღმოჩნდება უარყოფითი, მათ მიეცემათ ქვეყანაში ძალზედ შეზღუდულად გადაადგილების შესაძლებლობა, ძირითადად, მუშაობის ან სასწავლო მიზნებით. განმეორებითი ტესტი უნდა ჩატარდეს პირველი ტესტის პასუხიდან, სულ მცირე, 7 დღის შემდეგ. თუკი პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, შესაბამისი პირები შეძლებენ სრულად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს”, — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც ცნობილია, საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს 10-დღიანი სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა უწევთ ლატვიის რესპუბლიკაშიც. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 19 სექტემბრიდან შევიდა.
ასევე, ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 სექტემბრიდან ლიეტუვაში საქართველოდან ჩასულ პირებს 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. ამასთან, ისინი ვალდებული იქნებიან, ლიეტუვის საზღვარზე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.