ნეტგაზეთი | კორონავირუსის გამო ევროკავშირის სამიტი ერთი კვირით გადაიდო კორონავირუსის გამო ევროკავშირის სამიტი ერთი კვირით გადაიდო – Netgazeti
RU | GE  

კორონავირუსის გამო ევროკავშირის სამიტი ერთი კვირით გადაიდო

ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი, რომელიც 24 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის სპიკერი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სამიტის გადადების მიზეზი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კარანტინში გადაყვანა გახდა.

როგორც ბარენდ ლეიტსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, ევროკავშირის მიშელის დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვისთანაც საბჭოს პრეზიდენტს გასულ კვირას ჰქონდა ახლო კონტაქტი.

“ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სამიტის გატანის გადაწყვეტილება მიიღო. სამიტი 24-25 სექტემბერს იგეგმებოდა, ის 1-2 ოქტომბრისთვის გადაიდო”, – დაწერა ლეიტსმა.

სპიკერის ცნობით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ტესტირება რეგულარულად უტარდება, გუშინდელი ტესტის პასუხი კი უარყოფითია.

რაც შეეხება სამიტს, BBC-ის ცნობით, ლიდერებს საგარეო საკითხები უნდა განეხილათ, მათ შორის ბელარუსში მიმდინარე მოვლენები.

ბელარუსში ერთ თვეზე მეტია საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. აქციები საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, რომლის ოფიციალური შედეგებით გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს.

ევროკავშირი და აშშ არჩევნების შედეგებს, ბელარუსის ოპოზიციის მსგავსად, არ აღიარებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი