ახალი ამბები

გლდანის ციხეში სამმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა – პენიტენციური

22 სექტემბერი, 2020 • 1796
გლდანის ციხეში სამმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმრებს შორის სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. უწყების ინფორმაციით, დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გლდანში, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, რამდენიმე პატიმარია დაჭრილი.

“2020 წლის 22 სექტემბერს N8 პენიტენციური დაწესებულების ერთ საკანში მყოფმა ბრალდებულმა გ.დ-მ და მსჯავრდებულებმა, გ.შ-მ და შ.ჭ-მ მიიყენეს დაზიანებები წინამხარზე მრავლობითი ჭრილობების სახით. პატიმრების მოთხოვნა იყო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ჩაისა (დასაყენებელი ჩაის) და სიგარეტის მიწოდება და სწორედ ამ მოტივით მიიყენეს მათ თვითდაზიანებები”, — აცხადებენ უწყებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ პატიმრებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ.

“რაც შეეხება უშუალოდ თვითდაზიანებების მიყენებას, როგორც პატიმრებმა თავად განმარტეს, დაზიანებები მიიყენეს მეტლახის ნატეხით, რომელიც შემდეგ საპირფარეშოში ჩარეცხეს. ამასთან, დაზიანებების მიყენებამდე წინასწარ განახორციელეს სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დაზიანებები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მსჯავრდებულთა მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებების დამუშავება. ამასთან, ერთ-ერთ მათგანს, ბრალდებულ გ.დ-ს უკვე შეხვდა ადვოკატი”, – აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ომბუდსმენის აპარატსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა პატიმრები მოინახულეს და საქმის შესწავლა დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი