დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში გრიპის 135 000 ვაქცინა ოქტომბრის პირველ კვირაში შემოვა. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ვაქცინაცია, პირველ რიგში, რისკჯგუფებს ჩაუტარდებათ, მათ შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სახლებში მყოფი მოხუცები და ბავშვები, ორსულები, დიაბეტის მქონე ადამიანები, ბაღების მასწავლებლები და სხვა.
“არცერთი ქვეყანა არ აკეთებს გრიპის სავალდებულო ვაქცინაციას, როგორც, ვთქვათ, წითელას და პოლიომელიტის შემთხვევაშია… შარშან ვიყიდეთ 100 000 ვაქცინა, მოთხოვნა კარგი იყო და ძალიან ცოტა დაგვრჩა აუთვისებელი. წელს ნაყიდი გვაქვს 135 000, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, ოქტომბრის პირველ კვირაში შემოვა, ყოველ შემთხვევაში, პირველი პარტია, და დაიწყება იმუნიზაციის კომიტეტის მიერ განსაზღვრული რისკჯგუფების ვაქცინაცია”, – განაცხადა გამრელიძემ.
მისი განმარტებით, გრიპის ვაქცინა სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შემოაქვთ და ნებისმიერ მსურველს შეუძლია აცრის გაკეთება. ასევე, გამყრელიძის თქმით, ბაზარზე გრიპის ვაქცინის “სერიოზული დეფიციტია”, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, რომ ქვეყანაში ვაქცინების მოცულობა გაორმაგდეს. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ უკვე ნაყიდ ვაქცინებს, გამყრელიძის თქმით, ის ფრანგულია.
ბრიფინგზე გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც. თამარ გაბუნიას თქმით, კერძო სექტორს ყოველწლიურად 50-60 ათასი ვაქცინა შემოაქვს და “წელსაც ასე იქნება”.
“სასურველი იქნებოდა, რომ ზოგადად, და არა მარტო წელს, ქვეყანას ამ მხრივ მეტი მოცვა ჰქონდეს. თუმცა, იმის გამო, რომ ათვისება და მიმღებლობა ამ ვაქცინების არ არის მაღალი, ვართ მზარდ რეჟიმში, იმ რეალისტური შეფასების საფუძველზე, რაც მოსალოდნელია როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე, ვაქცინის ათვისების კუთხით. წელს გვექნება დაახლოებით 200 000-მდე და კიდევ ვმუშაობთ, რომ მოვიზიდოთ და ვიშოვოთ დამატებითი ვაქცინა”, – განაცხადა გაბუნიამ.
გამყრელიძის თქმით კი, ყოველწლიურად გრიპის ვაქცინაცია ოქტომობრის მეორე ნახევრიდან ან ოქტომბრის ბოლოდან იწყება და მისი გაკეთება მთელი სეზონის განმავლობაში შესაძლებელია.