ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მოსახლეობის 5 მილიონამდე გაზრდა – კიდევ რას მოიცავს ფაშინიანის სტრატეგია

22 სექტემბერი, 2020 • 2601
სომხეთის მოსახლეობის 5 მილიონამდე გაზრდა – კიდევ რას მოიცავს ფაშინიანის სტრატეგია

2050 წლამდე სომხეთის მოსახლეობის 5 მილიონამდე გაზრდა, 1.5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, სიღარიბის დაძლევა, საშუალო ხელფასის 7-ჯერ მომატება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ეროვნულ მახასიათებლად ჩამოყალიბება და სიცოცხლის ხანგრძლივობის 90-წლამდე გაზრდა – ესაა ჩამონათვალის ნაწილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ წარდგენილი სტრატეგიიდან “სომხეთის ტრანფორმაციის სტრატეგია 2050 წლამდე”.

ფაშინიანი აცხადებს, რომ სტრატეგიის ფორმულირებები არის ამბიციები და ოცნებები, რომლის დახმარებითაც სომხეთის საზოგადოებამ უნდა გაიგოს, საითკენ მიდის ქვეყანა და როგორი წარმოუდგენია მას სომხეთი 2050 წელს.

ამავე დროს, ის ამბობს, რომ პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით, ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ ის და მისი გუნდი ხელისუფლებაში 2050 წლამდე გეგმავენ დარჩენას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ფაშინიანის სტრატეგიის შესაბამისად, “2050 წელს სომხეთს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია უნდა ჰყავდეს” და “მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სადაზვერვო სამსახური”.

სომხეთის პრემიერის ამბიციებს შორისაა “საუკეთსო უმაღლესი განათლების სისტემაც”.

“2050 წელს სამი სომხური უმაღლესი სასწავლებელი მსოფლიოს 200 საუკეთესოს შორის უნდა იყოს”.

ქვეყნის ახალი სტრატეგიის უკეთესად გასაცნობად და მასში საზოგადოების ჩასართავად, როგორც ფაშინიანი ამბობს, უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდი “სომხეთი 2050”, რომელიც გახდება სამუშაო სივრცე წინადადებებისა და კრიტიკისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი