ახალი ამბები

რამიშვილი: სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ბაჩალიაშვილს წლების წინ მითითებებს აძლევდა

21 სექტემბერი, 2020 • 965
რამიშვილი: სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ბაჩალიაშვილს წლების წინ მითითებებს აძლევდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას გამოკითხვის ოქმი წარუდგინა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი გარდაცვლილ პროგრამისტთან კავშირს ადასტურებს.

ადვოკატი ამბობს, რომ პირი, რომლის სახელს და გვარსაც არ ასახელებს, თამარ ბაჩალიაშვილს წლების წინ მეხსიერების ბარათებსა და გარკვეულ მითითებებს აძლევდა:

მე მოვედი, რომ დავეხმარო გამოძიებას და მოვიტანე ერთი გამოკითხვის ოქმი. ეს გამოკითხვის ოქმი თარიღდება 3 აგვისტოთი, როდესაც დამიკავშირდა სუს-ის [ყოფილი] თანამშრომელი, რომელიც პირადად დეტალურად აღწერს ამ ოქმში, როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან. როგორ გადასცემდა წლების უკან ფლეშკებს და აძლევდა გარკვეულ მითითებებს”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

ადვოკატი ამჟამად თბილისის პროკურატურაში იმყოფება.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შესახებ. აღნიშნულის მიხედვით, როგორც პროკურატურა აცხადებს, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების დოზა ასეულობით აღემატება ლეტალურ მაჩვენებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი