ახალი ამბები

გახარია: საჩხერე ჩამოყალიბებულია მოდელად, როგორი საქართველო გვინდა

21 სექტემბერი, 2020 • 1572
გახარია: საჩხერე ჩამოყალიბებულია მოდელად, როგორი საქართველო გვინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც საჩხერეში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა, აცხადებს, რომ საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია მოდელად, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო და ამბობს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს:

“დღეს, ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან. საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის”, – ამბობს გახარია და აცხადებს,  რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა უახლოეს პერიოდში სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს” – ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, მუნიციპალიტეტში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი და პრობლემაა დარჩენილი, დაწყებული წყალმომარაგებით, დამთავრებული წყალარინებით:

“ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეჭვი არავის ეპარება, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ საჩხერეში გავიმარჯვებთ ყველანი ღირსეულად, მაგრამ ეს გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ საჩხერის გამარჯვებას, ეს გამარჯვება ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას, რამეთუ საჩხერე არის ყველაზე კარგი მაგალითი – თითოეულმა ქართველმა, როგორც შეუძლია, როგორ უნდა მოუაროს თავის სამშობლოსა და კუთხეს და ეს მაგალითი ჩვენ ყველას მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა.

ეს ის ზრუნვაა და ის შრომაა, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს საბოლოო მიზნამდე – ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ, სამართლიან და ევროპულ საქართველომდე. 31 ოქტომბერს ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ ყველა ის საქმე, რომელიც დავიწყეთ, ღირსეულად დავამთავრებთ! გამარჯვებას გისურვებთ!” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი