ახალი ამბები

მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, სწორია – სააკაშვილი

21 სექტემბერი, 2020 • 2608
მერაბიშვილის გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, სწორია – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილს პიროვნულად ძალიან აფასებს, მიიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში არ ყოფნის თაობაზე სწორია. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

“მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება, არ იყოს პოლიტიკაში, არის სწორი. მიმაჩნია, რომ საერთოდ უნდა მოვიდეს ახალი თაობა და საერთოდ გაუგებარია ვანო მერაბიშვილის ხსენება სამართალდაცავ ორგანოებთან მიმართებაში იმიტომ, რომ სამართალდაცავი ორგანოების ხელმძღვანელები უნდა აირჩიოს მთელმა საზოგადოებამ. უნდა იყოს დამოუკიდებლობის გარანტიებით ნებისმიერ ხელისუფლებისგან და ისინი უნდა ემსახურებდნენ საზოგადოებას”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობს და ამასთან, მუდმივად ერთი და იგივე სახელებით მანიპულირება არასწორია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას იტყოდა სააკაშვილი ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ის ვერ ხედავს საკუთარ თავს იქ, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს მელიას განცხადებებს და მის პოზიციას სრულიად იზიარებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ 17 სექტემბერს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ის საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი იქნება. მისი თქმით, მიუხედავად მერაბიშვილის მიერ ქვეყნისთვის გაკეთებული კარგი საქმეებისა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბევრი არაკონსტიტუციური ქმედებაც ჩაიდინა. მელიას განცხადებით, მერაბიშვილის მთავარი შეცდომა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შემდეგ მისი თანამდებობაზე დარჩენა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი