ახალი ამბები

პროკურატურამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წარუდგინა

18 სექტემბერი, 2020 • 1303
პროკურატურამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას ბრალი წარუდგინა. ბესელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) წარედგინა. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 4- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 სექტემბერს ქ. თბილისში, საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული შენობის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რ.ხ-ს ფეხის არეში  ჭრილობა მიაყენა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია”,-აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობითვე, გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მასრები და ტყვიის გარსის ფრაგმენტები. პროკურატურა ბრალდებულ ბესელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

16 სექტმებრს რაგბის კავშირის შენობაში რამაზ ხარაზიშვილი დაჭრეს. იმავე დღეს შსს-მ მერაბ ბესელია დააკავა. შსს-ს თანახმად, ბესელიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა რამაზ ხარაზიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი