ახალი ამბებისაზოგადოება

“წასასვლელი არ გვაქვს” – მოსახლეობა ყოფილ ჰოსპიტალში ბინების დაკანონებას ითხოვს

19 სექტემბერი, 2020 • 1927
“წასასვლელი არ გვაქვს” – მოსახლეობა ყოფილ ჰოსპიტალში ბინების დაკანონებას ითხოვს

ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მოსახლეობა ბინების დაკანონებას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ცუდ მდგომარეობაშია, ადგილობრივებს საცხოვრებლის დატოვება არ სურთ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.

ვინ ცხოვრობს შენობაში

ისანში, ბაღდათის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა უკვე წლებია იმ ბინების დაკანონებას ცდილობს, სადაც სხვადასხვა პრობლემიდან გამომდინარე მოუწია შესახლება. თავდაპირველად შენობაში უმეტესად დევნილები იყვნენ, დროთა განმავლობაში მთავრობამ მათი ნაწილი ალტერნატიული ფართების სანაცვლოდ შენობიდან გამოასახლა, თუმცა ამ მხრივ სარგებელი არ მიუღიათ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვინც შენობაში დევნილებთან ერთად ცხოვრობენ.

მაგალითად, ჯერ კიდევ 2014 წელს მაშინდელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წერდა, რომ სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მუდმივად 60 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა მათ გარდა 30-მდე დევნილ ოჯახს ოთახები ჰქონდათ დაკავებული, მაგრამ “იმის გამო, რომ შენობაში გაუსაძლისი პირობებია, დევნილებს პერიოდულად უხდებოდათ ალტერნატიული საცხოვრებლის მოძიება”. 2014 წელს დაწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 90-ვე ოჯახს სამინისტრო ბინის ქირის საფასურს გადაუხდიდა იქამდე, სანამ მათი მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას შეძლებდა.

ამასთან, სამინისტრო 2014 წელს წერდა, რომ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობას დაცლის შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა, რომლის საერთო ღირებულება 4.2 მილიონი ლარი იქნებოდა. რეაბილიტაციის შემდეგ კი აღნიშნულ ობიექტზე დევნილებს 160 ბინა გადაეცემოდათ.

როგორც ადგილობრივებმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადეს, დევნილთა გარკეულმა ნაწილმა მართლაც დატოვა ეს ტერიტორია, თუმცა მათ გარდა ამ პერიოდში შენობაში სოციალურად დაუცველი ადამიანებიც ცხოვრობდნენ, დროთა განმავლობაში მათმა რიცხვმა იმატა და ამჟამად, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 200-ზე მეტი ოჯახიდან დევნილი მხოლოდ 18-ია.

რა პრობლემების წინაშე დგას ჰოსტალის მოსახლეობა

იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს ბინები საკუთრებაში არ აქვთ გადაცემული, ისინი სხვადასხვა სახის პრობლემას აწყდებიან, რომელსაც უუფლებობის და უსახსრობის გამო ვერ აგვარებენ. მოსახლეობის თქმით, პრობლემებს შორისაა მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა და ბუნებრივი აირის არ არსებობა.

“მერიაში გვეუბნებიან, რომ ფართები ჩვენზე უნდა იყოს გაფორმებული, რომ მოვაწესრიგოთ ფასადი, გავიტანოთ ნაგავი და მოვაგვაროთ მსგავსი პრობლემები. ვერ ვაკეთებთ ვერაფერს, პირველ რიგში საშუალებაც არ გვაქვს, მაგრამ რომც მოვიკლოთ რამე და შევაგროვოთ თანხები რამის გასაკეთებლად, არ გვაქვს ამის უფლება”, – განმარტა “ნეტგაზეთთან” საუბრისას შენობის ერთ-ერთმა მოსახლემ, ანა დათაშვილმა.

მისი თქმით ის ამ კორპუსში 2012 წლიდან ცხოვრობოს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში სახლის გარემონტებისგანაც იკავებს თავს, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ კიდევ მოუწევს ამ სახლში გაჩერება და ყოველ დღე გასახლების მოლოდინშია.

“არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვმუშაობთ, ორი შვილი გვყავს და მხოლოდ სოციალურად დაუცველის დახმარებით ვართ. პროფესიით პედაგოგი ვარ, გამოცდებიც ჩავაბარე შარშან, მუშაობის დაწყებაც ვცადე მაგრამ არსად მიყვანენ რადგან ბოლო წლებში გამოცდილება არ მაქვს. 2008 წელს რომ გავედი დეკრეტში მას შემდეგ ესე ვარ. ჩემი ქმარმაც 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა სამსახური. მას შემდეგ ასე ვართ, თავიდან ქირით, ეხლა არ ვიცი ქირა როგორ უნდა გადავიხადოთ, რომ გაგვასახლონ სად უნდა წავიდეთ არ ვიცი… წასასვლელი არც გვაქვს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დათაშვილმა.

დათაშვილის განმარტებით, შენობაში ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ არის შეყვანილი, რის გამოც მათთვის ყველაზე რთული ზამთრის დადგომაა.

“ზამთარი არის ჩვენთვის ჯოჯოხეთი. ყველა სხვა პრობლემასთან ერთად ფანჯრებს სილიკონით ვლუქავ, რომ იმ ოთახში სადაც გვძინავს მეზობლისგან წამოსული კვამლი არ შემოვიდეს. ასევე პრობლემაა შეშის მოტანაც და შემდეგ მისი სახლში ატანა. ჩემი შვილები სკოლის მოსწავლეები არიან და ასე ბოლის სუნით უწევთ ხოლმე სკოლაში წასვლა. სტუმრების სახლში მიღებისაც მრცხვენია. ეს ერთი შეხედვით შეიძლება დიდ პრობლემად არ ჩანდეს, მაგრამ ძალიან მოქმედებს ყველაფერი ერთად”, – განმარტა დათაშვილმა.

ზამთარში ბუნებრივი აირის არ არსებობა პრობლემაა კორპუსის სხვა მცხოვრებლებისთვისაც. ერთ-ერთი მათგანის, ვალერი ბაქრაძის თქმით, ის ზამთარში ელექტროგამათბობელს იყენებს, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

“ბავშვები რომ არ გამეყინა “პლიტა” ვიყიდე, რაც ბევრ დენს წვავს. ამის გამო სოციალურად დაუცველის ქულებიც მეზრდება, არადა ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, თან გათბობაც ხომ გვინდა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ბაქრაძემ.

რას ითხოვს მოსახლეობა

ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მცხოვრები მოსახლეობა ბინების დაკანონებას 2012 წლიდან ითხოვს, რის გამოც მათ რამდენჯერმე აქციაც გამართეს. ბოლო აქცია ყოფილი ჰოსპიტალის მცხოვრებლებს  17 სექტემბერს ღამით ჰქონდათ. ამის მიზეზი კი როგორც თავად ამბობენ, ისნის გამგეობის მხრიდან შეუსრულებელი დაპირებები გახდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქეთევან გორგაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, მათ აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართეს იგივე მოთხოვნით, რის შემდეგაც გამგეობა მოსახლეობას ბინების საკუთრებაში გადაცემას დაპირდა და საბუთების შესაგროველბად 15 აგვისტომდე მისცა ვადა. გორგაძის თქმით, დევნილების და სოციალურად დაუცველების უმრავლესობამ საბუთების მოგროვება მოასწრო, დათქმული ვადიდან დაახლოებით 10 დღეში კი გამგეობიდან დაკანონების შესახებ ინფორმაციის მიღებას ელოდნენ.

“როგორც გვითხრეს, საბუთები შევაგროვეთ, მაგრამ დაკანონების შესახებ არანაირი წერილობითი პასუხი არ მოგვსვლია. იმასაც არ გვეუბნებიან, რომ არ დაგვიკანონდება. ასე გაჰყავთ დრო”, – განმარტა გორგაძემ.

მისი თქმით რამდენიმე დღის წინ გამგეობიდან მიიღეს იმ ოჯახების არაოფიციალური სია, ვისაც სარგებლობაში არსებული ფართები დაუკანონდებოდა, თუმცა როგორც გორგაძე განმარტავს, მათ არ იციან კონკრეტულად რა პრინციპით შეარჩიეს ეს ოჯახები. ამასთან, გორგაძის თქმით გამგეობიდან ორი სხვადასხვა სია მიუვიდათ, სადაც ერთგან 71, მეორეგან კი 72 ოჯახი იყო ჩამოთვილილი. ეს მოსახლეობისთვის დამატებით ეჭვს აჩენს, რომ სიები ფორმალურია და რეალურად გამგეობამ ეს ყველაფერი მხოლოდ მათ გასაჩუმებლად გააკეთა.

“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ სიები, ვითომ 72 ოჯახს უნდა დაუკანონდეს ბინები, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური სია, ეს არის უბრალოდ ფარატინა ქაღალდი, სადაც წერია იმ ხალხის სახელები და გვარები”, – განაცხადა გორგაძემ.

მოსახლეობის ნაწილის თქმით, ისინი აქციებს პერმანენტულად გააგრძელებენ იქამდე, სანამ სახელმწიფოსგან ოფიციალური პასუხი არ ექნებათ.

სახელმწიფოს პასუხი

17 სექტემბერს გამართულ აქციაზე მოსახლოებასთან გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ და განმარტეს, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნა რიგ პროცედურებდათანაა დაკავშირებული, რომლებიც უკვე მიმდინარეობს.

“გამგეობის კომპეტენციაა, შუამდგომლობა გაუწიოს ამ ხალხს. ეს საცხოვრებელი ფართები არის სახელმწიფო ქონება, რომელსაც იყენებენ საცხოვრებელ ფართებად… სახელმწოფომ გაითვალისწინა მათი გაჭირვება, სოციალური მდგომარეობა და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, უშუამდგომლოს მათ შემდგომ ორგანოებში.

ამის შემდეგ მოდის ასეთი პროცედურები: უნდა გაკეთდეს აზომვითი ნახაზები ყველა საცხოვრებელ ფართში, დარეგისტრირდეს, ვინ ცხოვრობს, რა კატეგორიის ხალხი ცხოვრობს, რა ფართს იჭერენ… ამის შემდეგ, პროცედურების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროს უნდა ვთხოვოთ, გადმოგვცეს თვითმმართველობას, რათა ამ ხალხს ეს საცხოვრებელი ფართები, როგორც ქონება, დაურეგისტრირდეს.

ეს არის პროცედურა. შუამდგომლობა გაკეთდა 3 000 გვერდი [მოცულობის]. ამას ხომ უნდა მუშაობა და დრო ხომ უნდა. ეს 3 000 გვერდი გაგზავნილია შემდგომ ორგანოებში და მიდის შესწავლა”, – აღნიშნა გამგეობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

ისანში გამართული აქციის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა 18 სექტემბერს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში უკანონო შეჭრა მიუღებელია და “ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ თბილისის მერია არ არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც დაშინებების ფონზე იღებს გადაწყვეტილებას”.

ელოშვილმა ასევე განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა შენობაში უკანონოდაა შეჭრილი, გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე შესაძლოა მათ ფართები მაინც დაუკანონდეთ.

მისი თქმით, ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე 211 ოჯახი ცხოვრობს, მათთვის ფართების დაკანონება კი მათი სტატუსიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად ხდება. კერძოდ, დევნილების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. არადევნილი მოსახლეობის შემთხვევაში კი არსებობს ორი კრიტერიუმი: ადამიანს არ უნდა ჰქონდეს სხვა საცხოვრებელი ფართი და სულ მცირე 6 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს კონკრეტულ ფართში.

“თუკი ჩვენ გადავწყვეტთ, რომ დევნილები დავაკმაყოფილოთ გარკვეული მუნიციპალური ფართებით, ეს უნდა იყოს ამ (ჯანდაცვის) სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე და არ უნდა მოხდეს დახმარებების დუბლირება სახელმწიფოს მხრიდან. ანუ დევნილმა უნდა გადაწყვიტოს სამინისტროსთან, იღებს დახმარებას ამ უწყებისგან (გამოყოფილია ფართები, სახლები), თუ მუნიციპალიტეტისგან.

რაც შეეხება არადევნილ მოსახლეობას, ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი კრიტერიუმი: ადამიანს არ უნდა გააჩნდეს სხვა საცხოვრებელი და მინიმუმ, 6 წელი უნდა ცხოვრობდეს კონკრეტულ ფართში. 6 წელი არის ხანდაზმულობის ვადა, რომლის შემდეგაც მერიას აღარ გააჩნია საშუალება, თუნდაც სამართლებრივად, იბრძოლოს ამ ქონებისთვის”, – განმარტა ელოშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ორი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინებით შეირჩა 70 ოჯახი, რომელთაც, დიდი ალბათობით ფართები დაუკანონდებათ.

ელოშვილის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს მომზადება, რომ 21 სექტემბრიდან დაიწყოს ფართების აზომვა. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, მერის მოადგილის თქმით იმ შემთხვევაში თუ ისინი ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი