ახალი ამბები

პირბადე საჭიროა, მაგრამ სიცხეს არ გაგიზომავენ – პროტოკოლი კენჭისყრის დღეს

18 სექტემბერი, 2020 • 745
პირბადე საჭიროა, მაგრამ სიცხეს არ გაგიზომავენ – პროტოკოლი კენჭისყრის დღეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) 18 სექტემბერს გამოაქვეყნა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, რომელიც, უწყების თანახმად, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა.

დოკუმენტი განსაზღვრავს სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს, რომელთა დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა. პროტოკოლის თანახმად:

  • ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.
  • ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები.
  • ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვებს საარჩევნო უბანს.

ამასთან, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ცესკოს თანახმად, კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან იქნება განთავსებული დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების შეძლებისდაგვარად ბუნებრივ ვენტილაციას.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი“, – წერს ცესკო.

ცესკო წერს, რომ აპირებს ფართომასშტაბიან კამპანიას, რათა ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი