ახალი ამბები

დარგობრივი პროფკავშირის აქცია ბელარუსი კოლეგების მხარდასაჭერად

18 სექტემბერი, 2020 • 862
დარგობრივი პროფკავშირის აქცია ბელარუსი კოლეგების მხარდასაჭერად

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ორგანიზებით ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბელარუსის რესპუბლიკაში მიმდინარე პროტესტის მონაწილე კოლეგებს და მხარი დაუჭირეს მათ დემოკრატიულ მოთხოვნებს. 

„ბელარუსის ქალაქებში მიმდინარე აქციებში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ქარხნებისა და საწარმოების მუშები, რომლებიც, საკუთარ ოჯახებთან ერთად, განიცდიან განსაკუთრებულ დევნას ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ ჩვენ ამ ადამიანებს ვუცხადებთ პროფესიულ სოლიდარობას“, – განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას თამაზ დოლაბერიძემ. 

„მშრომელთა საგაფიცვო კომიტეტებისა და საწარმოთა პროფესიული კავშირების ლიდერებს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს, უთვალთავალებენ, დევნიან, აპატიმრებენ და სცემენ პოლიციის განყოფილებებში. მიმდინარე მომენტისათვის ასობით ასეთი ჩვენი კოლეგაა დაპატიმრებული და სხვადახვა რეპრესიული ქმედების მსხვერპლი,“- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პროფკავშირის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციის შემდეგ შესაბამისი საპროტესტო წერილი გადასცეს ბელარუსის ელჩს საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვს, სადაც კიდევ ერთხელაა დაფიქსირებული სოლიდარობა დედაქალაქ მინსკში და სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებისადმი. 

წერილში გამოთქმულია შეშფოთება ბელარუსის დამოუკიდებელი პროფკავშირის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლაი ზიმინისა და საერთაშორისო მდივნის, ელიზავეტა მერლიაკის, ასევე, ბელარუსის დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, მაქსიმ სერედას დევნის გამო და მხარდაჭერილია მშრომელთა გაფიცვის ფუნდამენტური უფლება. 

ბელარუსის საელჩოს წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობა მიიღეს ტყიბულელმა მეშახტეებმა, ჭიათურელმა მაღაროელებმა, ქსნის მინის ტარის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებმა. ასევე, პროფკავშირული ორგანიზაცია გილდიისა და საქართველოს აგრარული მეურნეობისა და მრეწველობის პროფკავშირის წევრებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი