ახალი ამბები

რატომ არ წესდება მკაცრი შეზღუდვები კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე

18 სექტემბერი, 2020 • 715
რატომ არ წესდება მკაცრი შეზღუდვები კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ პანდემიის დასაწყისში კორონავირუსი შედარებით ამოუცნობი დაავადება იყო, შესაბამისად, საჭირო გახდა იმ მკაცრი ზომების მიღება, რაც მთავრობამ გაატარა. მინისტრის თქმითვე, ახლა შემუშავებულია დაავადების გამკლავების გარკვეული ზომები, შესაბამისად, მაშინდელი 20 შემთხვევა დღევანდელ თუნდაც 100 შემთხვევაზე საშიში იყო.

ასე უპასუხა თურნავამ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ აწესებს მთავრობა იგივე შეზღუდვებს ახლა, რაც თუნდაც აპრილში იყო, როცა დღიური ინფიცირების შემთხვევები 200-მდეა. სერგი კაპანაძეს დაინტერესდა, აღიარებს თუ არა მთავრობა ახლა, რომ პანდემიის დასაწყისში “არაგონივრული ზომებიც” იყო მიღებული.

“მაშინდელი 20 შემთხვევა მთელი მსოფლიოსთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, გაცილებით შემაშფოთებელი იყო. მაშინ ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება, ვიდრე დღევანდელი თუნდაც 150 შემთხვევაა. ამ შემთხვევებს ჩვენ ყოველგვარი პანიკის გარეშე, აუღელვებლად მხოლოდ წერტილოვანი ზომების მეშვეობით ვმართავთ, რადგან გვაქვს უფრო მეტი მომზადება, ცოდნა, გაზრდილი ტესტირება და შესაძლებლობები. ამიტომ, თუნდაც მეტი ინფიცირების შემთხვევაში, თამამად ვამბობთ, რომ ადაპტაციის პერიოდზე გადავედით. როგორც არ უნდა დამისვათ კითხვა, ეკონომიკას არ შევზღუდავთ და ის იმუშავებს”,-აცხადებს თურნავა.

პარლამენტში მყოფ მინისტრს სერგი კაპანაძემ ჰკითხა, რატომ დააწესა საქართველოს მთავრობამ მარტში-აპრილში მკაცრი შეზღუდვები, გამოაცხადა კარანტინი და აკრძალა მოქალაქეთა გადაადგილება, მაშინ როცა კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში ახლანდელთან შედარებით მცირე იყო.

“როგორც ეკონომიკის მინისტრს გეკითხებით, ამ გადასახედიდანაც მიგაჩნიათ, რომ ის ზომები საჭირო იყო მაშინ? ჩვენ ამაზე მუდმივად გაკრიტიკებდით და გეუბნებოდით, რომ ასეთი ტიპის არაგონივრული ზომებით ძალიან დიდი ზარალი მიადგებოდა  ეკონომიკას. თუ მიგაჩნიათ, რომ ეს მაშინ საჭირო იყო, ახლა როგორ გგონიათ, თუ 25 ინფიცირებულის შემთხვევაში მკაცრი ზომები საჭირო იყო, ახლა, როცა 200-მდეა შემთხვევები, ახლაც საჭიროა [მკაცრი ზომები]? გთხოვთ, გამაგებინოთ, ლოგიკა სად არის თქვენი გადაწყვეტილებების უკან”,- ჰკითხა კაპანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი