ახალი ამბები

პოლიცია 41 წლის კაცს ეძებს, რომელიც ივლისში დაიკარგა

18 სექტემბერი, 2020 • 1007
პოლიცია 41 წლის კაცს ეძებს, რომელიც ივლისში დაიკარგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე კვირაა 1979 წელს დაბადებულ კაცს ეძებენ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაკარგული კაცი ბოლოს 29 ივლისს დედას ესაუბრა, მას შემდეგ კი მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. პოლიცია ძებნის პროცესში 12 აგვისტოს ჩაირთო, რადგან შსს-ს მტკიცებით, დაკარგულის შესახებ ამ დროს მიმართეს.

“თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 32–ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მიმდინარე წლის 12 აგვისტოს შევიდა. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები”, – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით,  ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული კაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. ამასთან, შსს მოქალქეებს დახმარებას სთხოვს:

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი