ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

ნივთები, რომელთაც აფხაზი ქალები ქმნიან

18 სექტემბერი, 2020 • 4690
ნივთები, რომელთაც აფხაზი ქალები ქმნიან

სოხუმში პირველად გაიმართა ხალხური-სამხატვრო რეწვის ფესტივალი, სახელწოდებით “ქალის ხელებით”. ფესტივალზე საკუთარი ნამუშევრები აფხაზეთში სხვადასხვა შემოქმედებითი მიმართულებებით მომუშავე 56-მა ქალმა გამოიტანა. ფესტივალის ორგანიზატორი აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწეველო  პალატა იყო.

საგამოფენო სივრცე აფხაზეთის თავისუფლების პარკში მოეწყო. 

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სოხუმში; სექტემბერი, 2020; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

აფხაზეთში მცხოვრები დიანა გაბლია გვიყვება, რომ ბოტანიკურ ბაღში მიწიდან აკრეფილი წიწვების წყალობით შარშან ავტომობილი იყიდა. წიწვებით თმის სამაგრებს, სამაჯურებს, ჩანთებს, ზარდახშებსა და შლიაპებს ქმნის.

 “ბოტანიკურ ბაღთან სავაჭრო ადგილიც მაქვს. ტურისტებს ძალიან მოსწონთ თმის სამაგრები, ლარნაკები და სამაჯურები. ადგილობრივები კი უფრო ხშირად შლაპებსა და ჩანთებს ყიდულობენ. 

კორონავირუსის გამო ამ საზაფხულო სეზონისთვის შესაბამისად ვერ მოვემზადე, არც მეგონა, რომ ტურისტები ჩამოვიდოდნენ. ამიტომაც გარკვეული პროდუქცია აღარ დამრჩა გასაყიდად”, – გვიყვება დიანა გაბლია.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სოხუმში; სექტემბერი, 2020; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

დიანა გაბლიას თქმით, საკუთარი საქმიანობის წყალობით, დღეს ფინანსურად დამოუკიდებელი ქალია. 

სოხუმის სამხატვრო სალონის დირექტორი, დიზაინერი ვიტალი კიუტი, რომელიც ფესტივალზე მონაწილეთა ნამუშევრების შესაფასებლად იმყოფებოდა, ამასთან, საკუთარი მაღაზიისთვის ნივთებს ეძებდა, ამბობს, რომ ნატურალური და ბუნებრივი მასალებისგან შექმნილ ნაკეთობებზე დღეს დიდი მოთხოვნაა.

“ქარხნული სინთეტიკა დღეს უკვე არავის სჭირდება”, – ამბობს აფხაზი დიზაინერი.

ბუნებრივ ბამბას, ტყავს და თხის ბეწვს იყენებს მასალად ოლგა კვარჩია, რომელც თოჯინებს კერავს. ქალი ამბობს, რომ უკვე არც ახსოვს, რატომ და როგორ დაიწყო თოჯინების შექმნა. დღეს კი უკვე მრავალი კოლექციის მფლობელია.

აფხაზეთში არსებობს სუვენირების მაღაზია -”აფსნი” [«Апсны – страна души»], სადაც აფხაზურ ნაციონალურ კოსტუმებში ჩაცმული თოჯინების სერია იყიდება. მაღაზია ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულია.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სოხუმში; სექტემბერი, 2020; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სოხუმში; სექტემბერი, 2020; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

ოლგა კვარჩია ოჩამჩირეში ცხოვრობს, სადაც ბავშვებისთვის მასტერკლასებსაც ატარებს. ამბობს, რომ თოჯინებით თამაში ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. 

“როდესაც ბავშვები თამაშობენ, ტანსაცმელს ხდიან და მერე აცმევენ, თმას უვარცხნიან, ნატიფი მოტორიკა უვითარდებათ”. 

თოჯინებს ქმნის, ასევე, აფხაზი მინადორა მიქანბა, თუმცა მისი თოჯინებით ვერ ითამაშებ. ის სახეს და კიდურებს სპეციალური მასალისგან ხელით ძერწავს. 

ქალი ამბობს, რომ მათ დასამზადებლად ერთი თვე მაინც არის საჭირო. ტანისამოსს კი ხელით, ძვირფასი ნაჭრებისგან კერავს.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სოხუმში; სექტემბერი, 2020; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

“თოჯინების შექმნა არ არის ჩემი ძირითადი საქმიანობა, – უფრო გართობაა. მე პროფესიით ფლორისტი ვარ და ესაა ჩემი შემოსავლის ძირითადი წყაროც. თოჯინების შექმნა დიდ დროს მართმევს, დიდი დროა საჭირო ინსტაგრამისთვის და მარკეტინგისთვისაც, რადგან თოჯინებს ძირთადად საზღვარგარეთ ვყიდი, იქ მათ ფასი აქვთ. ჩვენთან სხვა სიტუაციაა”.

თოჯინების შექმნით დაიწყო საქმიანობა აფხაზეთში ერთ-ერთი ბანკის ეკონომისტმა, გუნდა ავიძბამაც. თუმცა დატოვა სამსახური და ბიზნესის სფეროში წავიდა. მოგვიანებით კი საკუთარი ბიზნესი წამოიწყო – დაწნული ჩანთები. 

“როდესაც შვილიშვილი შემეძინა, მაშინ დავიწყე ხელსაქმე. თავიდან თოჯინებს ვუკერავდი ბავშვს, ვქსოვდი. დღეს უკვე ასეთ ჩანთებს ვამზადებ”, – ამბობს გუნდა ავიძბა. 

გუნდა ფიქრობს, რომ მსგავსი ხელსაქმე, შრომის სწორი ორგანიზაციითა და კარგი მარკეტინგით, კარგი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერისთვის.

ისიც, როგორც ბევრი სხვა ქალი, რომლებიც აფხაზეთში ექსკლუზიურ ნივთებს ქმნიან, პროდუქციას ძირითადად რუსეთში მცხოვრებ კლიენტებზე ონლაინ ჰყიდიან.

მცირე ბიზნესის – ხელსაქმის მხარდასაჭერად აფხაზეთის სავაჭრო სამეწარმეო პალატამ აღნიშნულ ფესტივალზე მეურვეობა აიღო. 

როგორც უწყების ხელმძღვანელი, თამილა მირცხულავა ამბობს, წლევანდელი ფესტივალი საპილოტეა და მის გამართვას ყოველწლიურად გეგმავენ.

“მომავალში, კონკურსის პრინციპით, მხოლოდ საუკეთესო ნამუშევრები მოხვდება ფესტივალზე. ამ ნამუშევრებს საერთაშორისო ფესტივალებზეც გავიტანთ. თითოეული ხელოვანისთვის კი ელექტრონულ კატალოგებსაც შევქმნით”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი