ახალი ამბები

მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2020” დასრულდა

18 სექტემბერი, 2020 • 1159
მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2020” დასრულდა

მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება “ღირსეული პარტნიორის” რიგით მეხუთე ღონისძიება დღეს, 18 სექტემბერს დასრულდა. დახურვის ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სიტყვით გამოვიდნენ. მათ სწავლებაში მონაწილე პირებსა და ქვეყნებს ღონისძიების წარმატებით დასრულება მიულოცეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ეჭვგარაშეა, რომ საქართველო აშშ-სა და ნატოს ძალების ერთგული პარტნიორია. მისი თქმით, სწავლებამ საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი პროგრესი აჩვენა და გამოჩნდა, რომ ქვეყანა წვრთნების პროცესში სხვა მონაწილეების თანაბარ პარტნიორად იქცა. სიტყვით გამოსვლისას დეგენანმა ასევე მიმართა ჯარისკაცებს:

“თქვენი აქ ყოფნა უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, წვრთნების კიდევ ერთი შესაძლებლობა. თქვენ ხართ ჩვენს ერებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობის სიმბოლო”, – განაცხადა დეგნანმა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სწავლების მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა. მისი განმარტებით, ეს თანამშრომლობა წვლილს შეიტანს შავი ზღვის რეგიონში თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში.

“გლობალური სწავლების მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია… ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. საქართველო ნატოს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც. მისი თქმით, “ღირსეული პარტნიორის” მონაწილეებს საერთო ფასეულობები აერთიანებთ, აღნიშნული პროგრამა კი დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მაგალითია.

“ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის ყოველი ასეთი წვრთნა სრულყოფის და წინსვლის შესაძლებლობაა. ჩვენი ოცნება, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცია დავასრულოთ, სამშობლოს უანგარო სიყვარულით, ეფექტიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკით, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და დემოკრატიის განმტკიცებით შესრულდება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, საქართველო ნატოში გაერთიანებისთვის ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს. ამასთან, სიტყვის გამოსვლისას თალაკვაძემ 2020 წლის არჩევნებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, არჩევნებზე საქართველო კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ “ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას”.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სწავლების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებმა საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობები და მრავალეროვნულ გარემოში კოორდინირებული მოქმედების უნარები გამოავლინეს.

“აღნიშნული სწავლებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას, რომ ნებისმიერი, მათ შორის, უხილავი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება. ჩვენი სამხედროები კი მუდამ მზად არიან პარტნიორებთან ერთად განაგრძონ მზადყოფნის ამაღლება ჩვენი საერთო მიზნის და საერთო ღირებულებების დასაცავად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მრავალეროვნულ სწავლებაში “ღირსეული პარტნიორი 2020” მონაწილეობდა 2 800-მდე ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი, პოლონელი და ფრანგი ჯარისკაცი. სწავლება, რომელიც საველე და საშტაბო კომპონენტისგან შედგება, ასევე მოიცავს კიბერუსაფრთხოებას, საინფორმაციო ოპერაციებს და ელექტრონული ბრძოლის საწინააღმდეგო ელემენტებს. სწავლების მთავარი გზავნილი კი არის “ძალა პარტნიორობაშია”.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სწავლების ზოგადი მიზანი აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის “მზადყოფნის დონისა და ურთიერთ თავსებადობის გაუმჯობესება, ასევე შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი