ახალი ამბები

AJ+ უცხო ქვეყნის აგენტად უნდა დარეგისტრირდეს: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი

17 სექტემბერი, 2020 • 613
AJ+ უცხო ქვეყნის აგენტად უნდა დარეგისტრირდეს: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრძანება გასცა, უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირდეს მედიაპლატფორმა AJ+, რომელიც უმთავრესად მოკლე ვიდეოებს ამზადებს და რამდენიმე ენაზე აქვეყნებს სოციალურ მედიაში. პლატფორმა აშშ-შია დაფუძნებული, თუმცა მას კატარული “ალ-ჯაზირა” ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, კატარის სამეფო ოჯახისგან არის მხარდაჭერილი. მედიის თანახმად, ამ ნაბიჯმა გააკვირვა კატარელი დიპლომატები, რომლებიც აშშ-ში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით იყვნენ ჩასულნი.

იუსტიციის დეპარტამენტის წერილი, რომელიც 14 სექტემბრით თარიღდება, მოიპოვეს ამერიკულმა მედიასაშუალებებმა: New York Times-მა და Mother Jones-მა. დეპარტამენტის თანახმად, AJ+, რომელიც ვიდეოებს ინგლისურ, არაბულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე ამზადებს, “პოლიტიკურ აქტივობებში” მონაწილეობს კატარის მთავრობის სახელით. დეპარტამენტის თქმით, კატარის მხარე ჩართულია როგორც პლატფორმის დაფინანსებაში, ისე მისი დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევაში.

“ჟურნალისტიკა, რომელიც მოწოდებულია, გავლენა მოახდინოს ამერიკულ აღქმებზე შიდაპოლიტიკურ საკითხებთან, უცხო ქვეყნის აქტივობებთან ან მის ლიდერებთან დაკავშირებით, კანონის ძალით განისაზღვრება, როგორც პოლიტიკური საქმიანობა”, – აღნიშნულია წერილში.

დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად კატარული “ალ-ჯაზირაც”, რომელმაც აღნიშნა, რომ AJ+ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ის არ უნდა დარეგისტრირდეს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი. კომპანია აშშ-ის მთავრობის ამ ნაბიჯს უკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის აშშ-ის შუამდგომლობით გაფორმებულ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაძაბული ურთიერთობა აქვს მეზობელ კატართან. სამი წლის წინ საამიროები იყო სპარსეთის ყურის რეგიონის იმ ქვეყანათა შორის, რომელთაც მხარი დაუჭირეს კატარის ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევას. შესაბამისად, “ალ-ჯაზირა” ფიქრობს, რომ აშშ “AJ+”-ს უცხო ქვეყნის აგენტად სწორედ საამიროების თხოვნით აცხადებს.

“იუსტიციის დეპარტამენტმა მისცა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ის, რაც მას სურდა”, – აღნიშნავს “ალ-ჯაზირა”.

საამიროების ელჩმა აშშ-ში უარყო კომპანიის ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ შეთანხმების გარშემო მიმდინარე დისკუსიების დროს არც “ალ-ჯაზირა” უხსენებიათ და არც კატარი. მისივე თქმით, ” “ალ-ჯაზირა” არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც მას ჰგონია”.

წერილი “AJ+”-ს იმ დღეს გაუგზავნეს, როცა კატარის ვიცე-პრემიერი და მთავარი დიპლომატი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი