ახალი ამბები

FB საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას აამოქმედებს

17 სექტემბერი, 2020 •
FB საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას აამოქმედებს

Facebook დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან პარტნიორობით, საქართველოში აამოქმედებს ფაქტების გადამოწმების პროგრამას.

როგორც Facebook აცხადებს, აღნიშნული პროგრამის გაშვების შედეგად, ინფორმაციას, რომელსაც ფაქტების გადამოწმების პორტალი სიყალბედ შეაფასებს, Facebook საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს, რაც ნიშანდობლივად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და იმ მომხმარებელთა რიცხვს, რომელსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს. გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები ავტომატურად შეეზღუდებათ.

გარდა ამისა, ფაქტების გადამოწმების პორტალის მიერ ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook თვალსაჩინოდ მონიშნავს.

„გვიხარია, რომ Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ,
მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას”,- აცხადებს Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერი სოფი აიარსი.

აღნიშნული პროგრამა Facebook-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. “ფეისბუქის” თანახმად, სტრატეგია ახალი ამბების ავთენტურობის დადგენასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის მიხედვით, Facebook აუქმებს ანგარიშებს და შლის კონტენტს, რომელიც არღვევს კომპანიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს ან სარეკლამო პოლიტიკას, რამაც უნდა შეამციროს ცრუ ინფორმაციისა და არაავთენტური კონტენტის გავრცელების შანსი.

დღეისათვის, Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომელიც 50 ენაზე ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს. აღნიშნული ორგანიზაციები კონტენტის სიზუსტეს განიხილავენ, შეფასებას აძლევენ და შემდეგ ამ ინფორმაციას Facebook-ს აწვდიან. მათ შორის იქნებიან მითების დეტექტორი და Fact Check Georgia, რომლებიც სერტიფიცირებული არიან ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერ.

“ფეისბუქის” ფაქტების გადამოწმების პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი