ახალი ამბები

ქუთაისი გახდება საპარლამენტო დედაქალაქი – ენმ-ის კანონპროექტი

17 სექტემბერი, 2020 • 1003
ქუთაისი გახდება საპარლამენტო დედაქალაქი – ენმ-ის კანონპროექტი

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ქუთაისისთვის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ეს იქნება ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში ენმ-ის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი”.

“ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, რა დამართეს ქალაქს, პარლამენტს, პარლამენტის ამ უნიკალურ შენობას, რომელიც ჩამონგრევის პირასაა, მიმდებარე ტერიტორია კი, ფაქტობრივად, ბუჩქნარად არის ქცეული. არასდროს რომ არ განმეორდეს ასეთი თავნებობა რომელიმე პარტიის მხრიდან, შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისათვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობების ქუთაისში გადმოტანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას. ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული”, – აღნიშნა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ.

გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატია “ნაციონალური მოძრაობიდან”, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის წევრებს კანონპროექტის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი პირველი ნაბიჯია პარტიის მიერ მანამდე გაცემული დაპირების აღსასრულებლად.

“ჩვენ დაპირება გვქონდა 2018 წელს, რომ ყველანაირად ვიბრძოლებდით იმისათვის, რომ უსამართლოდ წართმეული საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი ქუთაისს აღუდგეს. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით პირველი სამართლებრივი ნაბიჯი.

ამ კანონპროექტში ასევე არის ის, რისი დაკვეთაც ჰქონდათ ქუთაისში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის ბიუჯეტის მინიმუმ გაორმაგება, პოლიცის უფროსის მოქალაქეების მიერ არჩევა, სამინისტროების წარმომადგენლობების გახსნა ქუთაისში…”

საქართველოს პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, 2012 წელს გადავიდა, 2019 წელს კი “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ კვლავ დედაქალაქში დააბრუნა. საპარლამენტო სტატუსი ქუთაისს კონსტიტუციით ჰქონდა გარანტირებული, თუმცა “ოცნების” მიერ შესაბამისი ცვლილება კონსტიტუციაშიც განხორციელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა გაიყიდება და ამაზე უკვე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.

“ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საწარმოების ცენტრი და ამ შენობის მნიშვნელობა იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ პარლამენტსაც ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი სახე”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ყოფილი პარლამეტნის შენობის გამოყენება სხვადასხვა სახით არის შესაძლებელი, მათ შორის არის განათლება, მედიცინა, ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება და სხვა.

პარლამენტის გაუქმების შემდეგ ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა და იქ პოლიციის რამდენიმე სტრუქტურაა განთავსებული.

გაიგეთ მეტი ამ ამბავზე ნეტგაზეთის არქივიდან

პარლამენტი ქუთაისში! – ვინ და რატომ იცავს კონსტიტუციის 48¹ მუხლს

მასალების გადაბეჭდვის წესი