ახალი ამბები

თუ მომდევნო დღეებშიც გვექნება დაღმართი, ეს იქნება კარგი — ეზუგბაია COVID-19-ის სტატისტიკაზე

17 სექტემბერი, 2020 • 806
თუ მომდევნო დღეებშიც გვექნება დაღმართი, ეს იქნება კარგი — ეზუგბაია COVID-19-ის სტატისტიკაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, თუ კორონავირუსის დღიური შემთხვევების თუნდაც მინიმალური კლება გაგრძელდება, შესაძლოა,  ორ კვირაში ახალი შემთხვევების ზომიერი კონტროლირებადი მატება იყოს.

მისი თქმით, ეს მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული.

“არსებული დინამიკით, ანუ ახალი დადასტურებული პაციენტების რაოდენობით, ეს ბოლო პერიოდი არის ძალიან მზარდი. გუშინ იყო 196, დღეს არის 179. თუნდაც ასეთი მინიმალური სხვაობით, თუ ჩვენ მომდევნო დღეებში გვექნება დაღმართი, ეს კარგი იქნება. დღევანდელ 179-ში 126 გახლავთ აჭარა, მაგრამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ძალებია მობილიზებული, რომ როგორმე ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია მოხდეს იმ რეგიონში”, — განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2937 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა და ამჟამად 1422-ს შეადგენს.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 1 500-მდე აქტიური შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმშია 6633 მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი