ახალი ამბები

22% მთავრობის მთავარ მიღწევად Covid-19-თან ბრძოლას ასახელებს – IRI-ის კვლევა

17 სექტემბერი, 2020 • 900
22% მთავრობის მთავარ მიღწევად Covid-19-თან ბრძოლას ასახელებს – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 22% საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მთავარ მიღწევად კორონავირუსთან ბრძოლას მიიჩნევს, ყველაზე დიდი წარუმატებლობა კი, გამოკითხულთა 10%-ის აზრით, უმუშევრობაა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 12% მთავრობის მთავარ მიღწევად ჯანდაცვის რეფორმას, 4% ინფრასტრუქტურას, ასევე 4% კი სტაბილურობას ასახელებს. 3-3% კი მიიჩნევს, რომ მთავარი მიღწევა სიტყვის თავისუფლება და საავტომობილო გზებია.

ასევე მიღწევების ჩამონათვალშია პენსიების გაზრდა – 2%, თითო-თითო პროცენტმა დაასახელა პანდემიისას კომუნალური გადასახადების გაუქმება, დემოკრატია, უვიზო მიმოსვლა, სოციალურ დახმარებები და განათლების რეფორმა. სხვა მიღწევები დაასახელა 5%-მა.

გამოკითხულთა 26%-ის აზრით კი, მთავრობას არცერთი მიღწევა არ აქვს. დასმულ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 17%-მა.

რაც შეეხება ამჟამინდელი მთავრობის ყველაზე დიდ წარუმატებლობას, გამოკითხულთა 10% უმუშევრობას ასახელებს, 9-9 პროცენტის აზრით კი, ეკონომიკური სიტუაცია და ტყუილი დაპირებებია. ასევე, დანაშაულის მაჩვენებლის ზრდა დაასახელა 6%-მა, კოჰაბიტაცია – 3%-მა, სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა – 3%-მა, ფრუსტრაცია, ოკუპირებული ტერიტორიები, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, სამართლებრივი რეფორმა, გამოუძიებელი კრიმინალური შემთხვევები, ნაციონალური მოძრაობის დაუსჯელი წევრები და უსამართლობა – 2%-მა.

თითო-თითო პროცენტმა კი “ქართული ოცნების” მთავარ წარუმატებლობად კორუფცია, სოციალური მდგომარეობა, ლარის ინფლაცია, პროფესიონალიზმის ნაკლებობა და ნდობის დაკარგვა დაასახელა.

გამოკითხულთა 7%-ის აზრით, მთავრობას სხვა წარუმატებლობები აქვს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ ვარიანტს არ ემთხვევა. 9% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობას საერთოდ არ გადაუდგამს წარუმატებლობელი ნაბიჯები, 25%-მა კი აღნიშნულ კითხვას პასუხი არ გასცა.

მიღწევების და წარუმატებლობების შემთხვევაში კვლევის ავტორებმა მოსახლეობას მხოლოდ ერთი სპონტანური პასუხის დასახელება სთხოვეს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი