ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში დაპატიმრებული ოპოზიციონერი 15-დღიანი შიმშილობის შედეგად რეანიმაციაშია

16 სექტემბერი, 2020 • 1025
აზერბაიჯანში დაპატიმრებული ოპოზიციონერი 15-დღიანი შიმშილობის შედეგად რეანიმაციაშია

დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის, ტოფიგ იაგუბლუს ჯანმრთელობის მდგომარეობა 15-დღიანი შიმშილობის შედეგად დამძიმდა. იაგუბლუ სარეანიმაციო განყოფილებაშია გადაყვანილი. როგორც მისი შვილი აცხადებს, ნებისმიერ დროს შეიძლება კომაში ჩავარდეს.

იაგუბლუს ადვოკატის, აგილ ლაიჯის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე უარს აცხადებს საკვებზე და თუკი მის მიმართ სამართლიანობა არ აღდგება, წყლის მიღებაზეც უარს იტყვის.

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პარტია „მუსავათის” წევრი ტოფიგ იაგუბლუ, რომელსაც აზერბაიჯანის პროკურატურა ხულიგნობას ედავებოდა, 4.3 წელი მიუსაჯეს.

აზერბაიჯანში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ოთხი წლით დააპატიმრეს

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე კი შიმშილობა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის გაუარესების გამო კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ოჯახთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ.

პოლიტიკოსი 2020 წლის 22 მარტს დააკავეს. მაშინ აზერბაიჯანის შსს-მ განაცხადა, რომ ტოფიგ იაგუბლუ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა, შემდეგ კი მეორე მანქანის მეპატრონეს თავს დაესხა. თავად პოლიტიკოსი კი აცხადებდა, რომ პროვოკაციის მსხვერპლი იყო.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა ოპოზიციონერის დაკავების ფაქტი დაგმეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვეს. უფლებადამცველებმა ტოფიგ იაგუბლუ პოლიტპატიმრად გამოაცხადეს.  

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

ტოფიგ იაგუბლუს მხარდასაჭერად აზერბაიჯანში რამდენიმე აქცია და მსვლელობა გაიმართა. იაგუბლუს მხარდასაჭერად შიმშილობის აქცია გამოაცხადეს გერმანიაში მცხოვრებმა ოპოზიციონერებმა, მათ შორის, ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ.

აფგან მუხთარლიმ მერკელის ოფისთან შიმშილობა დაიწყო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი