ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დიალოგის სირთულეები აფხაზურ ელიტებთან

17 სექტემბერი, 2020 • 2401
დიალოგის სირთულეები აფხაზურ ელიტებთან

მიმდინარე წელს მორიგი ზეპირი ისტორია ჩავწერე. ჩემი რესპოდენტი  82 წლის სოხუმელი კაცი იყო.  ვისხედით თბილისში, ვაკეში, მის სახლში და  იხსენებდა აფხაზეთში  ცხოვრებას, ბავშვობას, ახალგაზრდობას, გალაკტიონს და მისთვის ძალიან განსაკუთრებულ შავ ზღვას. შუა საუბარში ახსენა,  “პრემიერი რომ არის ალიკა, არ არის ცუდი ბიჭი, მამამისი კარგი კაცი  იყო, პირადად ვიცნობდიო”. საქართველოში პრემიერი სახელად ალიკა  არასდროს გვყოლია, ამიტომ გონება დავძაბე. სანამ ამ უადგილო ჭმუნვაში ვიყავი, თავად დაამატა – ალიკაზე ვლპარაკობ, ანქვაბზეო. მერე ბევრ ისეთ ადამიანზე ისაუბრა, რომლებზეც ჩემი თაობა მხოლოდ წიგნებსა და ძველ გაზეთებში ვკითხულობდით. მათთვის კი ეს ყოველდღიური ცხოვრები ნაწილი იყო.

ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში ცხოვრობდა, თითოეულ ას წელზე სამ თაობას ანგარიშობდა.  რასაკვირველია, ჰეროდოტედან დღემდე ბევრმა წყალმა ჩაირა, ამიტომ თაობის ასე დაყოფაც სრულად არ ასახავს საზოგადოებრივ ცხოვრებას. ახლა ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე ხშირად საბჭოთა და პოსტსაბჭოთა თაობებზე საუბრობენ. ამ კუთხით განსაკუთრებით იძენს მნიშვნელობას “თაობა და კონფლიქტები საქართველოში”. 

აფხაზეთში აქტიური საომარი მოქმედებების დასრულებიდან 27 წელი გავიდა. ეს დრო სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს ჩამოყალიბებულიყო თაობა, რომლისთვის მეორე, „სხვა“ მხარე მხოლოდ ომთან და მის შედეგებთან ასოცირდება. 

ერთმანეთისთვის ტყვიის სროლა და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში აქტიური მონაწილეობა მოასწრეს იმ თაობის წარმომადგენლებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ, ამავე სახელწიფოში კარიერა დაიწყეს, გარდაქმნასა და  საბჭოთა კავშირის დაშლას მოესწრნენ. ეს თაობა არა მარტო დაიბადა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, არამედ, მათ დაიწყეს საქართველოს სსრ-ში ჩამოყალიბება და პოლიტიკური ცხოვრებაც.  მიუხედავად თბილისსა და სოხუმს შორის არსებული პერმანენტული დაძაბულობისა, ისინი ერთი სოციუმის  და ერთი პოლიტიკური ველის წევრები იყვნენ. საკუთარი ნაციონალური გრძნობების დემონსტრირების გარდა, სხვა ტიპის ურთიერთობებიც აკავშირებდათ ერთმანეთთან. 

1984 წელს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ალექსანდრე ანქვაბი, აფხაზეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი.  ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების მონაწილე იყო. ანქვაბი აღნიშნულ თანამდებობაზე 1989 წლის 9 აპრილსაც მუშაობდა, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის მილიცია  დემონსტრანტების მხარეს გადავიდა და პროტესტანტების დარბევაში მონაწილეობა არ მიიღო. ამას სრულებით არ შეუშლია  ხელი ალექსანდრე ანქვაბისათვის, რომ საომარი კონფლიქტის დროს აქტიური მონაწილეობა მიეღო მასში. 

ჟურნალისტი ოლესია ვართანიანი სერგეი შამბას, აფხაზეთის ყოფილი საგარეო მინისტრისა და დღეს უშიშროების საბჭოს მდივნის, თბილისურ სტუდენტობას და ადრეულ სამეცნიერო კარიერის აღწერისას აღნიშნავს, რომ 90-იან წლებში სერგეი შამბამ მორიგი მოლაპარაკებების მერე ალმა მატერში წასვლა ითხოვა და წავიდა დღევანდელი ილიას უნივერსიტეტის, უწინდელი პუშკინის პედაგოგიური უნივერსიტეტის მოსანახულებლად. მან თბილისში საკმაოდ საინტერესო საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: Монетное обращение на территории Абхазии (V в. до н.э. – XIII в. н.э.). 

გივი ლომინაძე, ომამდე აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის შს მინისტრი, იგონებს 1991 წლის 8 იანვარის მოვლენებს. სიტუაცია ამ დროს თბილისსა და სოხუმს შორის ძალიან დაძაბული იყო.  არძინბა თბილისში ჩამოვიდა გამსახურდიასთან შესახვედრად. შეხვედრა დღის სამ საათზე დაინიშნა, რადგან მანამდე გამსახურდიამ არ მიიღო. არძინბას თავისუფალი დრო გაუჩნდა და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის სანახავად წავიდა. არძინბას აკადემიური კარიერაც სწორედ თბილისში განვითარდა და თბილისური სამეცნიერო  ცხოვრება მისთვის არათუ შორეული, უფრო მეტიც, ძალიანაც მშობლიური იყო. 

აფხაზეთის მეორე პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ასევე საქართველოს კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანი იყო. ახალგაზრდობაში კალათბურთს ძალიან წარმატებულად თამაშობდა და შერქმეული მეტსახელი „ჩიჩკა“ სიცოცხლის ბოლომდე შერჩა. 

მიუხედავად  აღნიშნული ურთიერთობებისა, პიროვნული მეგობრობისა და სამეცნიერო ცხოვრებისა, ამ თაობის წარმომადგენლებმა კონფლიქტის ესკალაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.  ნაციონალურმა კუთვნილებამ და იდენტობამ განაპირობა მათი შემდეგი პოლიტიკური ხედვები და ნაბიჯები.  ეთნიკურმა კუთვნილებამ ორივე მხრიდან სრულიად დაჩრდილა სხვა ფაქტორები. 

აფხაზური ელიტის ამ თაობის წარმომადგენლებისათვის საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება უცხო არ არის. ეს პოლიტიკური ველი იციან და მისი მნიშვნელობაც გაცნობიერებული აქვთ.  თუმცა სრულიად ახალი რეალობა ჩანს თაობაში, რომელიც 40 წლის ასაკს არის მიღწეული. 

ახალი თაობისათვის საქართველო მხოლოდ ომთან და დამსხვრეულ ბავშვობასთან ასოცირდება. ეს არის ომის თაობა, რომელმაც არ და ვერ იომა, მაგრამ ომით და მისგან გამოწვეული ტრავმებით აგრძელებს ცხოვრებას. კონფლიქტის ორივე მხრიდან ომი განსხვავებული ფორმით, მაგრამ მაინც აგრესიულ მანიპულაციას ექვემდებარება.  ერთია ეთნიკურ ქართველ ან აფხაზ ბავშვებთან თამაში ქვიშაში და მეორეა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება და ერთმანეთთან თანამშრომლობა.  

დღეს აფხაზეთის პოლიტიკაში (საქართველოში პრაქტიკულად აღარ არიან) არიან „უკანასკნელი მოჰიკანები“ იმ თაობისა, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობა, იციან აქ მიმდინარე საჯარო და კულვარული პროცესები, იცნობენ საქართველოს პოლიტიკურ ველს. 

ახალი თაობის აფხაზი პოლიტიკოსებისთვის კი ეს ურთიერთობები უცნობია.

მათ შორის ორის გამორჩევა შეიძლება. ერთი ინალ არძინბაა, ხოლო მეორე- ახრა ავიძბა. ორივე მათგანი ომის თაობის წარმომადენელია. ახრა ავიძბა ნახევრად კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანია, რომელიც აფხაზეთში უკანასკნელ  საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა და ყოფილი პრეზიდენტის დამხობაში დიდი როლი ითამაშა.  მისი ქუჩაში გამოსვლა კი არა პოლიტიკურ მიზნებს, არამედ პირად შურისძიებას უკავშირდება, როდესაც მისი ბიძაშვილი, კანონიერი ქურდი სოხუმის კაფე “სან რემოში” მოკლეს. მისი კარიერა კავშირშია დონბასთან, სადაც მოხალისედ იბრძოდა მცირერიცხოვან რაზმთან [“Пятнашки“] ერთად.  

ინალ არძინბა კრემლის ჩინოვნიკია. პუტინის ადმინისტრაციაში მუშაობდა და ახლა  რუსეთის საპტრიარქოში მუშაობს, აქტიურად ცდილობს აფხაზეთის პოლიტიკაში შესვლას. ის მცირე ხნით  კურირებდა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ხოლო მის დასაცავად განცხადებებს თავად კრემლის პრესსპიკერი მარია ზახაროვა აკეთებდა. 

ეს ადამიანები არიან სიმბოლო პირველი თაობის ეთნიკური აფხაზებისა  რომლებიც რუსულ პოლიტიკაში შევიდნენ. მანამდე აფხაზი პოლიტიკოსები ინტეგრირებულნი იყვნენ ლოკალურ აფხაზურ და საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, ახლა კი ისინი უშუალოდ მოსკოვის პროტექტორატში არიან. მათ ქართველებთან უფრო ნაკლები იდენტობა და ნაკლები სალაპარაკო აქვთ.

დღეს აფხაზეთის ხელისუფლებაში მყოფ თაობასთან ლაპარაკი რთული, მაგრამ ნაცნობი და შესაძლებელია. ამ თაობის შემდეგ მოსულ თაობასთან საუბრის შემთხვევაში კი, საქართველოს მოუწევს ყველაფრის თავიდან სწავლა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი