ნეტგაზეთი | “ალეკო გისმენთ” – ელისაშვილის ბანერები საბურთალოზე, ტელეფონის ნომრით “ალეკო გისმენთ” – ელისაშვილის ბანერები საბურთალოზე, ტელეფონის ნომრით – Netgazeti

“ალეკო გისმენთ” – ელისაშვილის ბანერები საბურთალოზე, ტელეფონის ნომრით

პარტიამ “მოქალაქეები” საბურთალოზე განათავსა ბანერები, რომლებზეც მისი დამფუძნებლისა და ამავე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის ტელეფონის ნომერია დატანილი. თავად ელისაშვილი გადაწყვეტილებას ხსნის “ცესკოს” მიერ პარტიისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭების გაჭიანურებით.

“ველოდეთ, ველოდეთ და ბანერზე დავწერეთ ჩემი ტელეფონის ნომერი”, – თქვა ელისაშვილმა ფეისბუქ-ლაივში საუბრისას.

მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აღნიშნულ ნომერზე დაუკავშირდეს, ესაუბროს პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

“გვინდა, ეს ბანერი იყოს ურთიერთობისთვის, აზრის გაცვლისთვის და არა ისე, სტუდიებში რომ დაყენებული სახეებით გადაიღებენ ხოლმე და იღიმიან. არა, დამირეკეთ ამ ნომერზე, მთელი დღე, დანარჩენი დღეებიც, საბურთალოს პრობლემებზე. არ დამზოგოთ, დამირეკეთ და რა პრობლემების მოგვარებასაც შევძლებ, თავს არ დავზოგავ”, – მიმართა მან მოსახლეობას.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა “ნეტგაზეთს” უთხრა, ბანერების განთავსებიდან მცირე დროში დაახლოებით 50-მა მოქალაქემ დაურეკა.

“მოქალაქეთა ნაწილი პრობლემებზე საუბრობს, ზოგი წარმატებას მისურვებს, თუმცა ერთმა ბანკიდანაც დამირეკა და კრედიტი შემომთავაზა. ზოგიერთი ზარი უბრალოდ ინტერესის გამო იყო, ნამდვილად ვუპასუხებდი თუ არა”, – აღნიშნავს ელისაშვილი.

ელისაშვილის თქმით, სხვა პარტიებისაგან განსხვავებით, მისი ბანერების ოდენობა მცირეა: ერთი ვაჟა-ფშაველაზეა განთავსებული, მეორე კი – პეკინზე.

ელისაშვილმა პარტია “მოქალაქეები” მინდინარე წლის ივნისში დააფუძნა. მასში ძირითადად გაერთიანდნენ მანამდე მოქმედი “სამოქალაქო მოძრაობის” სახეები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან