ახალი ამბები

ევროპარლამენტში ყველა ერთნაირად არ აზროვნებს — ვოლსკი ევროპარლამენტარებზე

15 სექტემბერი, 2020 • 949
ევროპარლამენტში ყველა ერთნაირად არ აზროვნებს — ვოლსკი ევროპარლამენტარებზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გახმიანებულ განცხადებებს ეხმაურება. ის საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ ამბობს, რომ ევროპარლამენტში ყველა ერთნაირად არ აზროვნებს.

“ევროპარლამენტს ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ეს არის ერთიანი სტრუქტურა, სადაც ყველა ერთნაირად აზროვნებს”, — განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მოწოდებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისა და გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ ფოტიგას შეფასებები მისი პოლიტიკურ გემოვნებასა და დაინტერესებაზე მეტყველებს.

“ფოტიგამ განაცხადა, რომ რურუა არის პოლიტიკური პატიმარი და ამით ყველაფერია ნათქვამი. ნებისმიერი სხვა შეფასება მის სუბიექტივიზმზე და მის პოლიტიკურ გემოვნებაზე მეტყველებს. ვიღაცამ უკარნახა, ეს წარსულში დარჩა, თვითონ ზუსტად იცის, რას წარმოადგენს გინდა გიორგი რურუა და გინდა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩართული იყო პარლმანეტის აღების ოპერაციაში”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

მან კიდევ ერთ ევროპარლამენტარს, ვიოლა ფონ კრამონსაც უპასახა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის “ჩრდილოვანი მმართველობა”. ვოლსკის თქმით, ერთია, რას ამბობს ფონ კრამონი და მეორეა რეალობა, რომელიც განსხვავებულია.

“პასუხს გაგცემთ თქვენც და ფონ კრამონსაც, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ სახელმწიფოში ადამიანებს არ აწამებენ და არ კლავენ”, — განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის განხილვა გაიმართა. ანგარიშის განხილვის დროს ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებდნენ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის: ოკუპაციაზე, მართლმსაჯულების სისტემაზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, 8 მარტის შეთანხმებაზე, გიორგი რურუაზე, ბიძინა ივანიშვილის “ჩრდილოვან მმართველობასა” და კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე.

სამართლიანი არჩევნები, ივანიშვილის “ჩრდილოვანი მმართველობა” — ევროპარლამენტარების გზავნილები

მასალების გადაბეჭდვის წესი